„თუ დააკვირდებით საქართველოში რადიკალების პირველი სამიზნე, პირველი დასანგრევი ობიექტი შუშის ხიდია, მეორე პარლამენტი, პარლამენტის მოსპობა უნდათ ქუთაისში და მესამე იუსტიციის სახლებია. ებრძვიან იუსტიციის სახლებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში იუსტიციის სახლის გახსნაზე განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისში პარალამენტის დამხმარე შენობის ხარაჩოს ჩამონგრევა ბევრ პოლიტიკოსს და ჟურნალისტს გაუხარდა და ამ საქმეს დიდი ჟრიამულით და ხორხოცით მოეკიდნენ.
„ამასწინათ, პარლამენტის უკანა, დამხმარე შენობაში ჩამოიშალა ხარაჩო, სამწუხაროდ, ერთი მუშა დაგვეღუპა და ვიძიებთ, რა მოხდა ზუსტად, მაგრამ გამაოგნა იმან, რომ რაღაც ჯგუფები ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ისეთი გახარებული იყო, რომ რაღაც ჩამოინგრა, ისეთი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ საქმეს, ისეთი ჟრიამული და ხორხოცი ატეხეს ამ ყველაფერზე, ნიშნისმოგებით. გულით უხარიათ. ეს ნგრევის მოციქულები საიდან გამოჩნდნენ. რამდენი წელია ვაშენებთ და უცებ, გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უნდა, უხარია, მოსწონს და ამას გამოხატავს, მაგრამ მათ იმედგასაცრუებლად ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.