"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი, დავით გამყრელიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია დღეს, მარტვილის რაიონის სოფლებში ხვდებიან მოსახლეობას.
როგორც ბანძასა და ნახუნაოში შეხვედრების შემდეგ დავით გამყრელიძემ განაცხადა, მარტვილის რაიონს აქვს პოტენციალი საკუთარი შემოსავლებით იცხოვროს.
"ეს კუთხე ხე-ტყის რესურსებით მდიდარია და ეს სიმდიდრე პირველ რიგში სწორედ მარტვილის რაიონის მოსახლეობას უნდა ხმარდებოდეს. ხე-ტყის რაციონალურად ჭრის პირობებში მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება მოიპოვონ ლიცენზიები და დამამუშავებელი საწარმოები აამუშაონ. აქაც ისევე, როგორც ტყით მდიდარ სხვა რეგიონებში უნდა ხორციელდებოდეს როგორც სანიტარული,ისე სამრეწველო ჭრა, რაც თავად ტყის შენერჩუნების და გადაბერებისგან დაცვისთვის არის საჭირო. აღარაფერს ვამბობ ჩაის კულტურაზე, რომლის გასაღების შიდა ბაზარი ხარისხიანი ჩაის შემთხვევაში მუდამ იარსებებს ",- განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მისი თქმით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში კარგად შეიძლება მარტვილის ბუნებრივი სიმდიდრის და საკურორტო პოტენციალის გამოყენებაც. "როგორც ჩანს მარტვილს არც წინა ხელისუფლებები წყალობდნენ და ახლაც ნაკლებად არის ეს რეგიონი ყურადღების ცენტრში. მარტვილს სერიოზული ხელშეწყობა სჭირდება, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს",- განაცხადა დავით გამყრელიძემ.