„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რეგიონებში მედიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რეგიონებში მედიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“-ს ინფორმაციით, ადგილობრივ მედიასაშუალებებსა და ხელისუფლებას შორის ყველაზე ხშირი დაპირისპირება რეგიონებში ხორციელდება. ამის შესახებ ორგანიზაციამ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მასობრივი ინფორმაციის რეგიონალური საშუალების ჟურნალისტთა დაშინებისა და დევნის არაერთი შემთხვევა აისახა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ  სხვა მრავალ შემთხვევაში ფიქსირდება ფაქტები, როდესაც პოლიტიკურად სათუთ საკითხებზე რეპორტაჟების მომზადებისას კორესპონდენტებს ემუქრებოდნენ ან ხელს უშლიდნენ, ფირზე აღებეჭდათ მომხდარი.

„სამართალდამცავ ორგანოებში ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება აღძრულია. თუმცა, ჩვენ მოვიკვლიეთ და დავადგინეთ, რომ აღნიშნული გამოძიებების შედეგად იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა თუ დევნის გამო ვინმეს პასუგისმგებლობის საკითხი დგება. ყოველივე ეს დაუსჯელობის ატმოსფეროს ქმნის, ანუ ისეთ გარემოს, რომელშიც მედიზე განხორციელებული შეტევების გამო პასუხს არავის სთხოვენ“, აღნიშნავს მათიას ჰუტერი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მკვლევარი მედიის საკითხებში“, - განმარტებულია ანგარიშის შესავალ ნაწილში.

ანგარიშში ასევე ხაზგაზმით არის აღნიშნული, რომ რეგიონულ დამოუკიდებელ მედია საშუალებებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა ხშირად დაძაბული და ერთობ დაპირისპირებულია. რეგიონული მედიის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ  ნაციონალური სატელევიზიო არხებისგან განსხვავებით მათ საშუალება არ ეძლევათ, სრულად გააშუქონ რეგიონებში მაღალი დონის ოფიციალური პირების ვიზიტები.

„რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების წინაშე მდგარი ზემოაღნიშნული პრობლემების გარდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  მიერ გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების დაშინებას მას შემდეგ, რაც ისინი კორესპონდენტებთან საუბრისას მმართველი ნაციონალური მოძრაობისათვის მიუღებელ აზრს გამოთქვამდნენ. მაგალითად, იყო შემთხვევა კახეთში, როდესაც, სავარაუდოდ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა ზეწოლა განახორციელეს იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს ოპოზიციური ლიდერის ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ყურადღება ასევე ხელისუფლების მიერ მედიის დაფინანსებაზეც გამახვილდა. „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა 2012 წელს მედიის საქმიანობასა და სუბსიდიებზე საერთო ჯამში 8,56 მილიონი ლარი გამოყვეს. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 7.37 მილიონი ლარს წარმოადგენდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოვლენილ რამდენიმე შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში მყოფი ან მასთან დაკავშირებული მედია საშუალებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსებით არაკონკურენტული გარემო შეიქმნა და საფრთხე შეექმნა დამოუკიდებელი გამოცემების ფინანსური მდგრადობა“, - აღინიშნა ანგარიშში.

 ანგარიში 33  გვერდიანია . პროგრამა G-MEDIA-ისა და  USAID-ის მეშვეობით ხორციელდება.

„ანგარიშის შესავალში ხაზგასმულია, რომ ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.