დავით ჭიჭინაძე: ტყვიების წვიმა რომ წამოვიდა, უკვე ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ ცუდად ვხედავდით, ამ დროს მომხვდა კონდახი, ამას მოჰყვა რამდენიმე დარტყმა

დავით ჭიჭინაძე: ტყვიების წვიმა რომ წამოვიდა, უკვე ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ ცუდად ვხედავდით, ამ დროს მომხვდა კონდახი, ამას მოჰყვა რამდენიმე დარტყმა

სამწუხაროდ,დეტალებში მახსოვს ის ღამე, იქიდან გამომდინარე, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც, ასევე მთელ საქართველოს, დიდი უბედურება და ტკივილი მოგვიტანა იმ ღამემ,  -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა დავით ჭიჭინაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისის საქმე განიხილება. 

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც დარბევა დაიწყო, ხელებშეკრული, მიწაზე დაყრილი ადამიანები დაახლოებით 6-ჯერ სცემეს დანიშნულების ადგილამდე მიყვანამდე. 

"როცა 26 მაისის სასამართლოზე გახლდით დაზარალებულის სტატუსით, ერთ-ერთი ბრალდებული წამოხტა, გეგონება არაფერი დაუშავებიათ და ეუბნება მოსამართლეს, ასე დეტალებში როგორ ახსოვს, ეს დადგმულიაო. მე ვუთხარი, ჯერ დაჯექი შენს ადგილას, რა გაძლევს უფლებას, რომ ასეთი რამ თქვა, ამდენი წელი გავიდა, დილით რომ ვდგები, ყოველ დილით ჩემს ნაიარევს ვუყურებ, რომელიც მაშინ დამიტოვეს. მე გახლდით პარლამენტის წინ, ტროტუარზე, ჩემი ცოლის ძმა, თემურ ლოგუა იდგა შუაში. ეს იყო დედაჩემის [ნონა გაფრინდაშვილის] და ჩვენი, ოჯახის წევრების სურვილიც, რომ ვყოფილიყავით ხალხში და არა სადღაც სცენაზე, იმიტომ, რომ თუ მოხდებოდა უბედურება, პირველი დარტყმა ხალხთან ერთად ჩვენც მიგვეღო. 

ტყვიების წვიმა რომ წამოვიდა, უკვე ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ უკვე ცუდად ვხედავდით, ცუდად ვსუნთქავდით და ამ დროს მახსოვს, მომხვდა კონდახი, როდესაც ჩემს წინ ქალბატონი მირბოდა, ხელის გადაფარება მოვინდომე, ყველაფერი ინტუიციურად ხდებოდა იმ მომენტში, წამებში. მომხვდა კონდახი, ამას მოჰყვა რამდენიმე დარტყმა და ხელბორკილები რომ დამადეს, იმის მერე, სანამ მაშინდელ უნივერმაღამდე მიმათრევდნენ, 6-ჯერ დამაწვინეს გზაში და 6-ჯერ გამლახეს - მარტო მე არა, იქ დაყრილები, ყველანი. ჯგუფურად ვეყარეთ მიწაზე, კადრებშიც ჩანს. მინდა, ახალგაზრდა თაობამ მოუსმინოს ამას კარგად. მათ ცეკვა და "ბატლები" ძალიან გათავისებული აქვთ, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ერთი-ორი სპეცრაზმელი შემოირბენდა ამ დაყრილების ჯგუფში, ან კონდახით, ან ხელკეტით რამდენიმეს დაარტყამდა თავში და სახის არეში, რომ თავიანთი ხელმძღვანელობის ყურადღება მიექცია, ანუ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თავი უნდა მოეწონებინათ, კარგი პრემია რომ მიეღოთ. ამას მერე მივხვდით, იმიტომ, რომ საკვირველი იყო: რამდენიმე შემოირბენდა, დაუვლიდა ვისაც გადასწვდებოდა კონდახით ან ხელკეტით, ორი წუთით გაჩერდებოდნენ, მოვარდებოდა მეორე ნაწილი, წაგვათრევდნენ 20-30 მეტრით, დაგვყრიდნენ ისევ, მერე მეორე შემადგენლობა შემოირბენდა, ჩაგვარტყამდნენ და ასე დაახლოებით 6-ჯერ [მოხდა]. იმ სიტყვებს და მუქარებს აღარ ვიტყვი, რასაც ამბობდნენ, "რუსის მონებო" და ა.შ." -  განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.