სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს მთავარ პროკურორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში თანამშრომელთა ქმედებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში მანუჩარ ახვლედიანი, ირაკლი ჩანტლაძე და ირაკლი დუნდუა მოინახულეს და მათ დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ისაუბრეს.
განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის მაისში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს მანუჩარ ახვლედიანი, ირაკლი ჩანტლაძე და ირაკლი დუნდუა, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
პატიმართა განმარტებით დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
სამივე პირი აღნიშნავდა, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული საკვები და არ მიეწოდათ თეთრეული. მათი გადმოცემით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას დმი-ს თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება. ახსნა-განმარტებებში მ.ახვლედიანი, ი.ჩანტლაძე და ი. დუნდუა მიუთითებენ, რომ მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი მათგანის განმარტებით თანამშრომლები ხშირად აბრახუნებდნენ საკნის კარზე, რომ პატიმარს არ მისცემოდა ძილის საშუალება და იგრძნობოდა ირონიული დამოკიდებულება. კანონით გათვალისწინებული ნივთების მოთხოვნისას შესაბამისი მოხელეები დამცინავად პასუხობდნენ პატიმრებს და მიუთითებდნენ მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ხსენებული დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა ქმედებები შეიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.
აღნიშნული წინადადების ასლი ინფორმაციისათვის გადაეგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.