12 ივნისს, 14:00 საათზე აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში აწყობს ღია კარის დღეს, რომლის ამოცანაა სამკერვალო საწარმოებს, დიზაინერებს და სამკერვალო დარგით დაინტერესებულ სხვა პირებს წარუდგინოს ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში სამკერვალო ინდუსტრიისათვის დანერგილი ახალი პროგრამები.
აღნიშნული ღონისძიება ერთი მხრივ საშუალებას მისცემს სამკერვალო საწარმოებს გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რასაც ქუთაისის პროფესიული სასწავლებელი მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების თვალსაზრისით სთავაზობს, ხოლო მეორე მხრივ, სასწავლებლის კურსდამთავრებულებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივას გაუხსნის.
პროექტმა ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში დანერგა სასწავლო პროგრამები საკერავი მანქანის ოპერატორებისა და მექანიკოსებისათვის. ასევე მოახდინა პროფესიული სასწავლებლის გადაიარაღება უახლესი დანადგარებით და მოაწყო შესაბამისი საამქროები, სადაც პროექტის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები ახორციელებენ როგორც თავად ინსტრუქტორების, ასევე სამკერვალო საწარმოებისათვის აუცილებელი კადრების მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. უახლოეს მომავალში დაინერგება ხარისხის კონტროლის სასწავლო კურსი, სადაც კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გამოშვებული პროდუქციის ხარისხის სრული კონტროლი. ქუთაისის პროფესიული სასწავლებელი წარმოადგენს სამაგალლითო მოდელს იმ პროგრამისა, რომელსაც ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა ანალოგიურად ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებში ოზურგეთში, თბილისსა და ბათუმში.