ევროკავშირში ჰუმანიტარული დახმარების განხორციელების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად გაიზარდა. ეს ჰუმანიტარული დახმარებისა და სოციალური დაცვის საკითხებზე „ევრობარომეტერის“ კვლევის ერთ-ერთი მთავარი შედეგია.
ათიდან ცხრა მოქალაქის (88%) აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გააგრძელოს ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსება; 2010 წელს ჩატარებული ბოლო კვლევის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებელი ცხრა პროცენტით გაიზარდა. თითქმის ამდენივე, 84%, მხარს უჭერს ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსების შენარჩუნებას არსებული ეკონომიკური კრიზისისა და სახელმწიფო ფინანსებზე არსებული წნეხის მიუხედავად.
„გაჭირვების დროსაც კი ევროკავშირის მოსახლეობა კვლავ მხარს უჭერს მთელს მსოფლიოში იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გასაჭირში არიან, და ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა“, - განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ, ევროკომისარმა საერთაშორისო თანამშრომლობის, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისის დაძლევის საკითხებში.
„მე ვამაყობ, რომ მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, ევროპაში არსებობს ასეთი ძლიერი ვალდებულებისა და მხარდაჭერის გრძნობა ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის მიმართ. ჩვენ არ მივიჩნევთ ასეთ გულუხვობას თავის თავად გარანტირებულად. ჩვენი მოვალეობაა, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ თანაგრძნობით, პროფესიულად და ეფექტურად ვუზრუნველყოთ დახმარება და დაცვა“, - დასძინა ევროკომისარმა.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არსებობს ევროკომისიის, როგორც ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების მაკოორდინირებელი ორგანოს მტკიცე მხარდაჭერა - 71% - 13 პროცენტით მეტი 2010 წელთან შედარებით. რესპოდენტთა დიდი უმრავლესობა (88%) მხარს უჭერს ევროკავშირის ჰუმანიტარულ ოპერაციებში ახალგაზრდობის ჩართვის ინიციატივას ევროკავშირის ნებაყოფლობითი დახმარების კორპუსის ფარგლებში.რაც შეეხება სამოქალაქო თავდაცვას, 82% თანხმდება იმაზე, რომ ევროკავშირის კოორდინირებული ქმედება კატასტროფების მიმართ უფრო ეფექტურია, ვიდრე ქმედებები ცალკეულ ქვეყნების მხრიდან.
ამ წელიწადში ევროკომისია აღნიშნავს ECHO-ს გზით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მე-20 წლისთავს, მისი ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის მეშვეობით.
მთლიანობაში ევროკავშირი - ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად - არის ჰუმანიტარული დახმარების წამყვანი დონორი მსოფლიოში.
ევროკომისია ეხმარება ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების დაფინანსებას მთელს მსოფლიოში. მისი მთავარი როლია სამოქალაქო დაცვის კოორდინაცია კატასტროფის შედეგად დაზარალებულთათვის როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
კვლევამ აჩვენა საზოგადოების შეშფოთება ევროკავშირში კატასტროფების საშიშროებასთან დაკავშირებით. 75% აცხადებს, რომ შეშფოთებულია ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული კატასტროფების რისკით, როგორიცაა ნავთობის დაღვრა და ბირთვული ავარიები. მეორე ადგილზეა 67%, რომელსაც აწუხებს წყალდიდობისა და მიწისძვრის საფრთხე, 64 % ყველაზე მეტად აწუხებს ტერორისტული აქტების საფრთხე, ხოლო 59 % - შეიარაღებული კონფლიქტები.
ევროპელთა 68%-სათვის ცნობილია, რომ ევროკავშირი აფინანსებს ჰუმანიტარული დახმარებას. ათიდან ოთხისათვის (38%) ცნობილია ევროკავშირის მიერ სამოქალაქო უფლებათა დაცვის კოორდინაციის შესახებ.
დაახლოებით მესამედი მიიჩნევს, რომ კარგად არიან ინფორმირებულნი ევროკავშირის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ, 12%-ით მეტი წინა კვლევასთან შედარებით. სამოქალაქო უფლებათა დაცვის კვლევაში, 19% თვლის თავს კარგად ინფორმირებულად ევროკავშირის საქმიანობის თაობაზე. ორივე კვლევის მიხედვით, გამოკითხულები ინფორმაციის ყველაზე სასურველ წყაროებად ტელევიზიასა და ინტერნეტს ასახელებან, შემდეგ პრესასა და რადიოს.