„ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისში გამართულ აქციას მხარდაჭერა საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა გამოუცხადეს.
„ჩვენი ოცნება სამშობლოში დაბრუნებაა“ - ამ ლოზუნგით აქცია ქართველმა ემიგრანტებმა საფრანგეთში, ქალაქ ლილეში გამართეს. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ემიგრანტებს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში და ბელგიაში მცხოვრები ქართველებიც შეუერთდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შეხვედრა სოციალური ქსელით სპონტანურად დაიგეგმა. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ გამარჯვება მათ მხარეს იქნება.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ემიგრაცია მხარს უჭერს ხელისუფლება, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. სოლიდარობის შეკრება შედგა. ჩვენ ერთად ვართ აქაც და საქართველოშიც და გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება“, - განაცხადეს აქციის მონაწილე ემიგრანტმა ქართველებმა.