საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ ივნისამდე ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენას ეხება, საპასუხო განმარტება გამოაქვეყნა.
განმარტებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს"-ს დამფუძნებლებს წარმოადგენენ სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფი" და კანადის მოქალაქე გბეგო ტოსსა აჰოგნიბო ჟილბერი.
„აღნიშნული მონაცემის უტყუარობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემთა ბაზაში. გამომდინარე ზემოთქმულიდან, თქვენს წერილში აღნიშნული ვარაუდი იმის თაობაზე, თითქოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" წარმოადგენს ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას, არ შეესაბამება სინამდვილეს", - განმარტებულია ფონდ "ქართუს" განცხადებაში.
ასევე „განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ 2012 წლის 14 თებერვლიდან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარეს წარმოადგენს ნიკოლოზ ჩხეტიანი. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრეზენტაცია, როგორც პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრის, განხორციელდა ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.
„შესაბამისად, თქვენს წერილში გამოთქმული მეორე ვარაუდი იმის თაობაზე, თითქოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დირექტორს (გამგეობის თავმჯდომარეს) წარმოადგენს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერია, ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რაც შეეხება კონტროლის პალატის მიერ 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენის მოთხოვნას, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭირვალობაზე მონიტორინგის განხორციელების ფუნქცია 2011 წლის 28 დეკემბრიდან მოიპოვა, როდესაც ძალაში შევიდა შესაბამისი ცვლილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში. აქედან გამომდინარე,
ფონდ „ქართუს" მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური არ არის უფლებამოსილი, ვინმესგან მოითხოვოს მასალები, რომლებიც შეეხება 2011 წლის 28 დეკემბრამდე არსებულ პერიოდს. მიუხედავად აღნიშნულისა, ხაზს ვუსვამთ რა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" მრავალწლიან რეპუტაციასა და საქმიანობის სრულ ტრანსპარენტობას, გიგზავნით თქვენ მიერ მოთხოვნილი პერიოდის ამსახველ ფინანსურ ანგარიშს. ცალკე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ", როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, კანონმდებლობის შესაბამისად სისტემატურად აქვეყნებდა თავისი საქმიანობის ამსახველ ფინანსურ ანგარიშებს. 2011 წლის სრული ფინანსური ანგარიში გამოქვეყნდა „საერთო გაზეთის" 31.03.2012 ნომერში. გარდა ამისა, ფონდის საქმიანობის სისტემატურ აუდიტს ატარებს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „დელოიტი და ტუში", - ნათქვამია „ფონდ" ქართუს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 341 მუხლის მეორე პუნქტის "ლ" ქვეპუნქტი უფლებას აძლევს კონტროლის პალატას, გამოითხოვოს პირისგან ფინანსური ანგარიში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე.
„გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ თქვენს წერილში აღნიშნული არც ერთი ვარაუდი არ შეესაბამება სინამდვილეს, გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ, თუ რა სახის დასაბუთება გააჩნდა თქვენს სამსახურს ჩვენ მიმართ რაიმე სახის ვარაუდის გაჩენისთვის და კონკრეტულად მიგვითითოთ 261 მუხლით გათვალისწინებული რომელი გარემოების არსებობას გულისხმობთ საქველმოქმედო ფონდ "ქართუსთან" მიმართებაში", - აღნიშნულია ფონდ"ქართუს" განცხადებაში.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წერილობით მიმართა ფონდ ,,ქართუ"-სა და ასოციაცია ,,ატუ"-ს 2011 წლის 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენის შესახებ. როგორც კონტროლის პალატაში აცხადებენ, აღნიშნული მიმართვა ეფუძნება დასაბუთებულ ვარაუდს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე, რაც ფონდ ,,ქართუ"-ს შემთხვევაში უკავშირდება იმ ფაქტებს, რომ იგი წარმოადგენს გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას და ამავდროულად, ფონდის დირექტორი (გამგეობის თავმჯდომარე) ირაკლი ღარიბაშვილი გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის - კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ასოციაცია ,,ატუ"-ს შემთხვევაში დგინდება მისი ეკონომიკურ-ფინანსური კავშირი შპს ,,ბურჯთან" და შპს ,,ელიტა ბურჯთან", რომლებიც კონტროლის პალატის განცხადებით, ასევე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებია, რომელთა მეშვეობით განხორციელებული პოლიტიკური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგო ფაქტი გამოვლენილია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რაზედაც სამართალწარმოება მიმდინარეობს სასამართლოში.
კონტროლის პალატის განმარტებით, ფინანსური ანგარიშგებების გამოთხოვა მიმართულია მონიტორინგის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე გარემოებების სრულად და ობიექტურად გამოკვლევისკენ და კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიღებას ემსახურება.