ნატოს სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ოპოზიციის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრაში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები მანანა კობახიძე, დავით უსუფაშვილი და ალექსი პეტრიაშვილი მონაწილეობდნენ. ქართული ოცნების ლიდერებმა აპატურაის იმ ფაქტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც ხელისუფლება პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ ჩადის. საუბარი ასევე შეეხო კონტროლის პალატის მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებს და პოლიტპატიმრებს.
„ კოალიცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძის განცხადებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კოალიციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, კერძოდ, "იმ პოლიტიკურ დევნაზე, რასაც "ქართული ოცნების" წევრები განიცდიან ხელისუფლებისგან".
მანანა კობახიძის თქმით, საუბარი შეეხო ასევე საარჩევნო გარემოს, მედიასივრცეში არსებულ მდგომარეობას. მისივე განცხადებით, საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა არის მნიშვნელოვანი და დაფიქსირდა ის, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ჩააბაროს ტესტი ოქტომბერში, რაც სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.
"განვიხილეთ მიმდინარე საქმეები და ივანიშვილის დღევანდელი დაჯარიმება. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმ უკანონო ქმედებაზე, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას", - განაცხადა მანანა კობახიძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე დაფიქსირდა კოალიციის პოზიცია, რომ საგარეო ვექტორი გადის ნატოსთან ინტეგრაციაზე. კობახიძის მტკიცებით, მათი მიმართულება არის ნატოში ინტეგრაცია, რასაც, მისი აზრით, ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლება თავისი ანტიდემოკრატიული ქმედებებით. "შევეცადეთ აგვეხსნა, რომ ხელისუფლება შორს არის დემოკრატიისგან, რაც არის დამაბრკოლებელი ნატოში გაწევრიანებისთვის", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ნატოს პოზიციაა, რომ ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებისთვის დიდი გამოცდაა, რომელიც უნდა ჩააბაროს“ - განაცხადა მანანა კობახიძემ