საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ქ. რუსთავის მოსახლეობისათვის სააღდგომო დღესასწაულის დღეებში საჩუქრად ღვინის და ცხვრის დარიგების თაობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ფაქტები შეისწავლა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ბარათაშვილმა, ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის გზით, პარტიის სასარგებლოდ 7920 ლარის უკანონო შემოწირულება განახორციელა.
ამის შესახებ განცხადებას, კონტროლის პალატა ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ფაქტები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ქ. რუსთავის მოსახლეობისათვის სააღდგომო დღესასწაულის დღეებში საჩუქრად ღვინის და ცხვრის დარიგების თაობაზე.საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონკრეტულად საუბარი იყო ქ.რუსთავის საკრებულოს წევრის თამაზ გველუკაშვილის მიერ რუსთავის მოსახლეობისათვის გადაცემულ საჩუქრებზე.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სააღდგომო დღესასწაულის წინა დღეებში, ქ.რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობას საჩუქრად 20 ლიტრი ღვინო და თითო სული ცხვარი დაურიგა არა საკრებულოს წევრმა მალხაზ გველუკაშვილმა, არამედ ქ.რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბარათაშვილმა, რომელიც არის პოლიტიკური გაერთიანების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. ამ უკანასკნელმა რუსთავის მოსახლეობას საჩუქრები საკუთარი სახსრებით დაურიგა და ამ პროცესის ორგანიზებაც თავად განახორციელა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკითხული პირები.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ სახეზეა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ბარათაშვილმა, ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის გზით, პარტიის სასარგებლოდ 7920 ლარის უკანონო შემოწირულება განახორციელა, რაც კანონით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. შესაბამისად, ეს უკანასკნელი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და მის მიმართ არსებული ადმინისტრაციული საქმის მასალები განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა“, - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.