შვეიცარიაში მცხოვრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა  სპეციალური მიმართვა გაავრცელეს

შვეიცარიაში მცხოვრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს

შვეიცარიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საქართველოში კოალიციის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ პროცესში მათ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს.

 ამასთან დაკავშირებით დღეს მათ სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:

 „ ძვირფასო თანამემამულეებო, გაცნობებთ, რომ შვეიცარიაში შეიქმნა კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ჯგუფი. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო, შვეიცარიაში მცხოვრებ თანამემამულეებს იმედი გაგვიჩნდა, რომ უკვე ახლო მომავალში შევძლებთ სამშობლოში, საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას; შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას და დასაქმებას.

 იმედი გაგვიჩნდა, რომ სულ მალე თქვენთან ერთად მოვახერხებთ, მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს აღმშენებლობაში. ეს იმედი ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ჩაგვისახა.

  დემოკრატიის და პატრიოტიზმის ნიღბით ერთი ადამიანის ნება-სურვილზე დამოკიდებული საქართველო ძალიან საშიშ გზას ადგას.

 სააკაშვილმა და მისმა მიმდევრებმა ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და უგუნური პოლიტიკით საფუძველი მოურყია ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს, სრულიად გაანადგურა სამართლისა და სამართლიანობის შეგრძნება, ფეხქვეშ გათელა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები, ფაქტობრივად, მოშლილია სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტები, გააღრმავა ტერიტორიული კონფლიქტები და დაკარგა ტერიტორიები.

  საქართველოს ისტორიაში თითქმის არ ყოფილა ისეთი პერიოდი, რომ ამდენი ქართველი ყოფილიყო სამშობლოდან გადახვეწილი ლუკმაპურის საშოვნელად. დადგა დრო, როცა გაჩნდა შესაძლებლობა, არჩევნების გზით არ მივცეთ საშუალება "ნაციონალურ მოძრაობად" წოდებულ ბოროტებას, რომ კიდევ გაახანგრძლივოს პოლიტიკური უზნეობის და უკანონობის აუტანელი პირობები.

 გვჯერა, რომ შევძლებთ თავისუფალი ქვეყნის აშენებას, სადაც ადამიანებს ექნებათ თანასწორობის განცდა და ყველა ადამიანი იგრძნობს, რომ იგი საჭიროა საზოგადოებისთვის, სადაც საჭიროების შემთხვევაში ადამიანები მიიღებენ მზრუნველობას.

  ჩვენ, შვეიცარიაში მცხოვრები კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერები შევიკრიბეთ დღეს ჟენევაში, რათა მხარი დავუჭიროთ ქუთაისში გამართულ წინასაარჩევნო თავყრილობას. გვიგულეთ თქვენს გვერდით!

 ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ღმერთმა დალოცოს ჩვენი ლამაზი საქართველო!“-ნათქვამია მიმართვაში.