უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ქუთაისში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე მისული მოსახლეობის რაოდენობა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოცხადებული რიცხვებიდან შორს დგას და აცხადებს, რომ ეს აქცია არცთუ ხალხმრავალი იყო.
ბობოხიძის მტკიცებით, აქციაზე ქუთაისელები არ იმყოფებოდნენ და დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეკრებილ საზოგადოებას რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანები შეადგენდნენ.
„პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისმა „ქართული ოცნების“ აქციას მხარი არ დაუჭირა. არც მიკვირს, რომ მათ ამ აქციას და ამ კოალიციას მხარი არ დაუჭირეს, რომლის ლიდერები აცხადებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისში პარლამენტის შენობას საკონცერტო დარბაზად გაადაქცევენ“, - განაცხადა ბობოხიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამ მდგომარეობას „ქართული ოცნების“ ლიდერები გაითვალისწინებენ.
ბობოხიძემ სიახლე ვერც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებში აღმოაჩინა.
მისი თქმით, ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს და მან ხელისუფლების პრიორიტეტები გაახმოვანა.
„რაც პრაქტიკულად, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას სწორად აქვს პრიორიტეტები შერჩეული. სამი პრიორიტეტი, რომელიც მან დაასახელა ესაა ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა კარგა ხანია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ახალ პრიორიტეტებადაა გამოცხადებული. იმიტომ რომ თავის დროზე, ელემენტარულად ფიქრიც კი არ შეიძლებოდა რაიმე სერიოზულზე, მანამ სანამ სახელმწიოფს არ ჩამოვაყალიბებდით. დღეს კი, დღის წესრიგში სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტაა. მათ შორის, იმ საკითხებისა, რომელზედაც ბიძინა ივანიშვილი ახლა ლაპარაკობს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება არათუ ლაპარაკობს, კარგა ხანია ამ პრობლემების მოგვარებისთვის უკვე სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა ბობოხიძემ.