,,საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველი დღე არის ახალი ტესტი და ახალი ნაბიჯი. მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, სწორედ ასეთი ახალი ტესტია. ეს არ არის საიდუმლო და საქართველოს ხელისუფლებამ იცის“, - ამის შესახებ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
აპატურაიმ ხელისუფლების მხრიდან არჩევნებამდე საერთაშორისო დამკვირებლების მოწვევა ბრძნულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს წლების განმავლობაში ნატო-ს საქმიანობაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს.
მან განსაკუთრებულად აღნიშნა ქართველი სამხედროების მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში და მწუხარება გამოთქვა 16 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.
„საქართველო არა მარტო იღწვის იმისთვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეს, არამედ შესაბამისად მუშაობს და მოქმედებს აღნიშნულ ასპარეზზე, რათა გაწევრიანდეს ნატოში. მისასალმებელია, რომ საქართველოს მოსახლეობა არა მარტო ისწრაფვის ამ მიზნის მისაღწევად, იმავდროულად აცნობიერებს კიდეც იმას, რას წარმოადგენს ნატო. ნატოს კვირეულები ტარდება ყველგან. მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებშიც. თუმცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა გვიჩვენა, რომ თვით ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც კი ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული ნატო, როგორც მოვლენა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
გარდა ამისა, როგორც აპატურაიმ აღნიშნა, საქართველო არის უსაფრთხოების არა მარტო მომხმარებელი, იგი ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს მის უზრუნველყოფაშიც.
„საქართველო იმ 13 ქვეყანას შორისაა, რომელნიც მიწვეულნი იყვნენ კერძო უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად და განსახილველად. ასევე საქართველო არის 4 ქვეყანას შორის, რომლებიც ნატო-ს წევრობის ასპირანტები არიან. ISAF - ის მასშტაბითაც აღინიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ერთეულია და ეს დადასტურდა ჩიკაგოს გადაწყვეტილებებშიც. საქართველოს ხელისუფლება მომავლისკენ იყურება, რაც ერთობლივ კომუნიკეში აისახა. მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ტესტი და გამოცდა იქნება“, - აღნიშნა აპატურაიმ.
ჯეიმს აპატურაის შეფასებით, ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილება საერთო ჯამში დადებითი იყო.
ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან ერთად, საქართველოში ნატო-ს კვირეული ოფიციალურად გახსნა.