კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების და სურსათის ეროვნულ სააგენტოებს კომპანიებისგან კომერციული საიდუმლოს მიღება შეეძლებათ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოები იმ კომპანიებისგან, რომლებიც სააგენტოების კომპეტენციის ფარგლებში ექცევიან, კომერციული საიდუმლოს მიღებას შეძლებენ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კომპანიებისგან კომერციული საიდუმლოს შესახებ ინფორმაციას მოსამართლის ბრძანების საფუძველზე მიიღებს. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ინფორმაციას მთავრობის დადგენილების საფუძველზე მიიღებს.
კანონპროექტზე მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად კუკავას განმარტებით, კანონში გაიწერება, რომ ორივე სააგენტოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს ამა თუ იმ კომერციული საწარმოსგან მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ აქვთ. თუმცა, ამას მოქმედი კანონმდებლობაც კრძალავს.