ნინო კალანდაძე: ჟენევის მოლაპარაკებების მეოცე რაუნდისგან საქართველოს კმაყოფილების საფუძველი ნაკლებად აქვს

ნინო კალანდაძე: ჟენევის მოლაპარაკებების მეოცე რაუნდისგან საქართველოს კმაყოფილების საფუძველი ნაკლებად აქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟენევის მოლაპარაკებების მეოცე რაუნდი შეაფასა.

კალანდაძის განცხადებით, ქართული მხარის პრეტენზია იყო ის, რომ რუსეთის მხრიდან არ ხდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღება და ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შედეგი ამის მიღწევა იქნება.

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების მეოცე რაუნდისგან საქართველოს კმაყოფილების საფუძველი ნაკლებად აქვს, თუმცა მაინც მიესალმება იმ ფაქტს, რომ ეს მოლაპარაკებები გრძელდება და არის შესაძლებლობა ყველა პრობლემაზე დეტალურად ისაუბრონ.

„რაც შეეხება მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე განხილულ საკითხებს, ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის საკითხი კვლავ დააყენა, ეს არის ჩვენი მიზანი და იმედი გვაქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საბოლოო შედეგი სწორედ ეს იქნება. ამავდროულად საუბარი შეეხო ყველა იმ ცალკეულ ინციდენტს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ხორციელდება. განსაკუთრებული შეშფოთება გამოითქვა რუსეთის მიერ სექტემბერში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების კავკასია 2012-ის გამო, ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურონ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ბაზები ამ წვრთნებში ჩართული არ იქნება“,- განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, კვლავ ვერ მოხერხდა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის განახლებაზე დადებითი შედეგის მიღება და აქვე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თუ ეს შეხვედრები არ შედგა ამაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ეკისრებათ.