„ლეიბორისტულმა პარტიამ“ საარჩევნო სტარტი აიღო. პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბრძოლა ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ, აუცილებლად ლოგიკურ დასასრულამდე მივა.
„რა გითხრათ, რით გაგახაროთ. ჩვენი თავგანწირული ბრძოლა ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა. მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ვარწმუნებთ, რომ ასარჩევი ბევრი არაფერი გვაქვს. ორი ძალა ან ჩვენ, ან - ისინი. სხვა არავინ. დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც გაყიდული არ არის, ჩვენ დაგვიდგება მხარში. ყველა მოქალაქე ვისაც სურს, რომ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული იყოს და არა ამერიკის და ნატოს უკან მძრომი გვერდით დაგვიდგება. ვიცით, რომ ვისაც ღირსეული პენსია, ჯანდაცვა, განათლება უნდა, მხარს დაგვიჭერს. ჩვენი მტერი ჩვენი უბედურების სათავე უკანონოდ გამდიდრებული ფენაა, რომელთაც არ უნდა ამ ბერკეტების ხელიდან გაშვება და რის გამოც ასეთ დღეში ვრჩებით. სანამ ბარაბა ივანიშვილისა და ბარაბა სააკაშვილის სასახლეებს არ დავანგრევთ, არაფერი გვეშველება“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ გამარჯვების დროშას ქვეყნის პრეზედენტის მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციის თავზე ააფრიალებენ. ლეიბორისტები პრეზიდენტის რეზიდენციაში რეგიონების მიხედვით საქართველოს მუზეუმის განლაგებას გეგმავენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტს 3-ოთახიანი ოფისიც ეყოფა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა რეგიონალური საარჩევნო შტაბის უფროსებიც დაასახელა. ნათელაშვილმა თბილისის შტაბის უფროსად, „ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიური მდივანი კახა ძაგანია, მცხეთა - მთიანეთის, შიდა ქართლის, მესხეთ - ჯავახეთის რეგიონალური შტაბის უფროსად, პარტიის აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე, კახეთის და ქვემო ქართლის საარჩევნო შტაბის უფროსად, პარტიის გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საარჩევნო შტაბის უფროსად პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა, სამეგრელო და ზემო სვანეთის საარჩევნო შტაბის უფროსად პარტიის საორგანიზაციო მდივანი კონსტანტინე გუგუშვილი და აჭარის, გურიის საარჩევნო შტაბის უფროსად, აჭარის კოორდინატორი დავით რობაქიძე წარადგინა.
ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფნა არ ყოფნის საკითხზე გავრცელებულ ხმებსაც გამოეხმაურა, მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ არავის კუთვნილება არაა და ის ბრძოლის შედეგად შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც დაშლა არ უწერია.
„მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებშიც ეჭვებმა ჩვენი პარტიის დაშლასთან დაკავშირებით აღფრთოვანება გამოიწვია - ვერ მოგართვით“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
„სანამ „ლეიბორისტული პარტია“ გამარჯვებით არ მოვა ხელისუფლებაში და სანამ არ დაგიბრუნებთ იმას, რაც წაგვართვეს, სანამ არ დავაბრუნებთ ტერიტორიებს და სანამ ჩვენს ყოფას ნამდვილ ცხოვრებად არ გადავაქცევთ და სანამ 2 საპრეზიდენტო ვადას არ გამოვიცვლი არსად წასვლას არ ვაპირებ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.