კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილის სოციალურ ქსელი „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა დღეს, 17:30 წუთზე თბილისში, ნატოს სამოკავშირეო ოფისში გაიმართება და მას კოალიციიდან დავით უსუფაშვილი,ალექსი პეტრიაშვილი და მანანა კობახიძე დაესწრებიან.
ცნობისთვის, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ეწვია.
აპატურაი საქართველოში სპეციალურად ნატოს კვირეულისთვის ჩამოვიდა, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა.
პირველი ოფიციალური შეხვედრა აპატურაიმ ვიცე პრემიერმინისტრ გიორგი ბარამიძესთან გამართა. შეხვედრის შემდეგ მათ ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ნატოს კვირეული. გახსნასთან ერთად ვიცე პრემიერმინისტრი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, პროფესორებს საქართველოს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. ის 11-იდან 16 ივნისამდე გაგრძელდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კვირეულის ღონისძიებები მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებთან, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, ექსკურსიები, სხვადასხვა კონკურსები და დებატები.