პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ 10 ივნისს, ქუთაისში გამართულ აქციაზე მედიის წარმომადგენლებისათვის არასათანადო სამუშაო პირობების შექმნისთვის ბოდიშს უხდის.
განცხადება ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ფანჯიკიძის თქმით, ამის მიზეზი მიმდებარე ტერიტორიის სივიწროვე და ნაკლებად გაშლილობა გახდა.
„ვიცი, რომ ჟურნალისტებს ჰქონდათ უკმაყოფილება იმის გამო, რომ გარკვეულწილად მათი მუშაობა შეფერხდა. ამისათვის მინდა ბოდიში მოგიხადოთ და აღვნიშნო, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ხოლო ადგილი არ იყო ისე გაშლილი, როგორც თბილისში. აქციის შემდეგ ჩვენ ვეცადეთ, რომ ჟურნალისტების ყველა კითხვისათვის პასუხი გააგვეცა. მე მაგალითად, დაახლოებით ერთ საათის განმავლობაში ვიძლეოდი ინტერვიუებს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ოზურგეთში ყველაფერი უკეთ იქნება ორგანიზებული.