პარლამენტი ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იწყებს მსჯელობას. ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილება.
საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-საჯარო განხილვების საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა კვორუმის უქონლობის გამო არ გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ მსჯელობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და თელავში გაიმართა.
პროექტის თანახმად, კონსტიტუციას ერთი პუნქტი დაემატება, სადაც აღინიშნება, რომ ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი ორგანული კანონით განისაზღვრება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აცხადებს, განხილვების შემდეგ, პროექტში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება.
ლაზიკასთან დაკავშირებული ცვლილებების გამო შესაძლოა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართოს.