პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, არჩილ კბილაშვილი ბაღდათში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენას დიდ პატივს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა.
„პირველ რიგში, ეს ძალიან დიდი პასუხიმგებლობა და დიდი მოწოდებაა იმისათვის, რომ რაღაც შეიცვალოს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შევეცდები ჩვენს გუნდთან ერთად, რა ინტელექტუალური და ადამიანური რესურსებია ყველაფერი გამოვიყენოთ, რაღაც სასიკეთოდ შესაცვლელად“, - განაცხადა კბილაშვილმა.
კბილაშვილის განცხადებითვე, სასიკეთოდ შეცვლამდე, პირველი რიგის ამოცანა საარჩევნო კამპანიის წარმართვაა.
„არჩევნებამდე ოთხი თვის გატარება ალბათ, ჩემს რაიონში მომიწევს. მომიწევს ამომრჩევლებთან, მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთან ურთიერთობა“, - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ძირითადი პრიორიტეტები, რომლითაც საზოგადოებას ესაუბრებიან კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული განცხადებებია.
„უმეტესად ესაა სოციალური თემატიკა. განათლება, ჯანდაცვა, უმუშევრობა და ამ მხრივ, ჩვენ მრავალი საგულისხმო რამ გვაქვს სათმელი საზოგადოებისთვის, რათა მათი ცხოვრება გაუმჯობესდეს“, - განაცხადა კბილაშვილმა.