კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და „ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ქუთაისში მისული მხარდამჭერების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, რეგიონებში ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების პოლიტიკური განწყობა „ამაღლებულია“. როგორც ძიძიგური აცხადებს, ის პოლიტიკური შიში, რომელიც თითქოს რეგიონებში იყო გუშინ გამართულ აქციაზე საერთოდ არ შეინიშნებოდა.
„ქუთაისელები ამაღლებული განწყობით მოვიდნენ აქციაზე. ზოგადად იმერეთმა თავისი წვლილი შეიტანა იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც დღეს პოლიტიკური მიმართულებით ხორციელდება და და ეს ძალიან მნიშნელოვანია“, - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით წინასწარი მოლოდინი ქუთაისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით, თავიდანვე მაღალი იყო და ასეთივე მოლოდინი აქვთ ოზურგეთშიც დაგეგმილ აქციასთან მიმართებაშიც.
„პოლიტიკური მხარდაჭერა ოზურგეთში ვფიქრობ ისეთივე გვექნება, როგორიც ქუთაისში გვქონდა. მოლოდინი მაღალია. ოზურგეთშიც დადებით განწყობას და დამოკიდებულებას ველოდებით“, - აღნიშნა ძიძიგურმა.
„ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართულ აქციას, ინტერპრესნიუსის ინფორმაციით 55 ათასი ადამიანი ესწრებოდა.