„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე, იმერეთში, ქუთაისში გამართული პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას მნიშვნელოვნად აფასებს და აცხადებს, რომ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის საპროგრამო წინადადებები ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბა.
„ქუთაისის აქცია მრავალრიცხოვანი იყო. მინდა აღვნიშო, რომ ეს აქცია არ იყო მხოლოდ ქალაქ ქუთაისისთვის, ეს აქცია იყო იმერეთისთვის ამიტომ რა თქმა უნდა, სხვადასხვა რეგიონებიდან გარკვეული რაოდენობის ადამიანები იყვნენ ჩამოსულნი. ეს მათ თავიანთი სურვილით გააკეთეს. ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან და სურდათ ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მოესმინათ, რომელმაც ჩვენი საპროგრამო წინადადებები ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბა. ივანიშვილმა კონკრეტულ თემებზე და სფეროებზე ისაუბრა, თუ რას აპირებს „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ და ზოგადად, რა პროგრამით მოვდივართ“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, კოალიციის ლიდერის გამოსვლა საკმაოდ ვრცელი და მრავლისმეტყველი იყო.
მისი თქმით, აქციაზე დაახლოებით 55 ათასი ადამიანი იყო. კობახიძის თქმით, ხალხს ძალა აქვს, ქუთაისში გამართულმა აქციამ ეს დაადასტურა.
„მოსახლეობას შიში ნამდვილად დაძლეული აქვს. თბილისის შემდეგ ქუთაისის აქციას, იმიტომ ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ხელისუფლებამ დაინახოს ძალისხმევას, რაღაცნაირად წინაღდუგნენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ აქტივობასა და ჩვენ გამარჯვებას, შედეგიანი ნამდვილად ვერ იქნება და ეს ქუთაისში გამართულ აქციაზე ხალხმა აჩვენა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ასეთი ფორმით გაგრძელდება. კობახიძე ამბობს, რომ ისინი მთელ რეგიონებს მოიცავენ.
„აქტიური შეხვედრები, პირდაპირ უშუალი კონტაქტები გაგრძელდება. პირადი კონტაქტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე აქციაზე მოსული მოსახლეობის რაოდენობაზე ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომ აქციაზე ქუთაისელები არ იმყოფებოდნენ სასაცილოს უწოდებს.
„სასაცილოა ხელისუფლება ამდენ ხალხს, რომ ვერ ხედავს და ცოტა თვალს იბრმავებს და ყურს იყრუებს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ვურჩევ მათ, ქუთაისლებს ნუ აყენებენ შეურაცხყოფას როცა ამბობენ, რომ თითქოს ქუთაისელები არ იყვნენ აქციაზე. არაა ჩემო ბატონო, ქუთაისი ისედაც დაცლილია, მოსახლეობა უცხოეთშია გადახვეწილი სამუშოად, თუმცა მიუხედავად ამისა, ქუთაისის მაცხოვრებლები ძალიან ფართოდ იყვნენ წარმოჩენილნი“, - განაცხადა კობახიძემ.