დღეს, „ქართული ოცნების აქციას ქუთაისში 55 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა -ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სააგენტომ მონაცემები თბილისის 27 მაისის აქციის მსგავსად, ახლაც google map-ის სპეციალური პროგრამით დათვალა.
IPN-ს ინფორმაციით, საერთაშორისო მედიაში აღიარებული სტანდარტების მიხედვით, მანიფესტაციაზე ხალხის რაოდენობა შემდეგი წესით ითვლება: google map-ის სპეციალური პროგრამის მეშვეობით გაიზომა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქციის ტერიტორია.
ფართობი პირობითად 4 ნაწილად დაიყო. თითოეულ ნაწილზე ხალხის სიმჭიდროვე განსხვავებული იყო. ყველაზე მჭიდროდ ხალხი ტრიბუნის წინ მოედანზე იდგა, მათ შორის გარშემო არსებულ გამწვანებაშიც. დაახლოებით 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზე კვადრატულ მეტრზე 4 კაცის დაანგარიშებით 32 000 მომიტინგე იდგა.
ტრიბუნის უკან მდებარე მრავალსაფეხურიანი კიბის ფართობი დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრია. აქ საშუალო სიმჭიდროვე იყო კვადრატულ მეტრზე 2 ადამიანი, დაახლოებით 2000 კაცამდე. მოედნის გაგრძელებაზე, აღმაშენებლის გამზირზე მაღალი სიმჭიდროვე იყო. მთლიანობაში დაახლოებით 3500 კვადრატულ მეტრ ფართობზე, კვადრატულ მეტრზე, წინა ნაწილში 4 და მეორეში 3 კაცის დაანგარიშებით დაახლოებით 12 000 ადამიანი იდგა.
ხალხი იდგა აღამაშენებლის გამზირისა და წერეთლის ქუჩის გადაკვეთაზეც. დაახლოებით 3000 კვადრატულ მეტრი ფართობის ნახევარზე მაღალი სიმჭიდროვე იყო. დაახლოებით 6000 კაცი. ხოლო მეორე ნახევარზე მეტი სიხალვათე შეინიშნებოდა - დაახლოებით 3000 კაცი.
შესაბამისად, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 10 ივნისის აქციაზე 18.00 საათისთვის მომიტინგეთა რაოდენობა ქუთაისში დაახლოებით 55 000-ს შეადგენდა.