იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან დაძრული კოლონები ქუთაისს უახლოვდებიან. დაგეგმილ მანიფესტაციაზე ზესტაფონიდან სამი კოლონა გაემგზავრა. მათგან ორი უკვე ქუთაისშია. ქუთაისში ასევე ჩავიდნენ კოლონები სამტრედიიდან.
ქუთაისს უახლოვდება საჩხერელთა კოლონაც, რომელიც დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანისგან შედგება. კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ტრანსპორტის პრობლემის გამო მანიფესტაციაზე დასწრების მსურველთაგან ბევრმა წამოსვლა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მანიფესტაცია ქუთაისში დღეს, 18.00 საათისთვის არის დაგეგმილი. აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვანის მოედანზე, ე.წ. ას საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
აქციისთვის მზადება დილის 5 საათზე დაიწყო, ე.წ. ას საფეხურიანი კიბის წინ მდებარე მოედანზე სცენა დამონტაჟდა. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა აქციაზე მისული მხარდამჭერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს გამომსვლელთა მოსმენა და სცენისთვის თვალყურის დევნება.
მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს კოალიციის ლიდერებიც ადევნებენ თვალს, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ დღევანდელი მანიფესტაცია მშვიდობიან ვითარებაში ჩაივლის. “ქართული ოცნება“ აქციაზე, იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან ათეულ ათასობით მხარდამჭერს ელოდება.
წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე კოალიცია მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატის ვინაობას გაახმიანებს.