„ხელისუფლებას ქუთაისის ძალიან ეშინია, - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" ინტერვიუში.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება 27 მაისის თბილისის აქციით მიხვდა, რომ დედაქალაქი დაკარგა და ეცდებიან, მეორე პლაცდარმი - ქუთაისი შეინარჩუნონ. "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ხელისუფლება გააფთრებით ცდილობს, რომ ქუთაისის შეკრება არ შედგეს.
"ეცდებიან, ქუთაისი მაინც შეინარჩუნონ. ხელისუფლება გააფთრებით ცდილობს, რომ ქუთაისის შეკრება არ შედგეს. მე მინდა მოვუწოდო ქუთაისელებს, იმერლებს და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამათ აღარავითარი ძალა აღარ დარჩათ. არ შეშინდეთ. ისინი ქუთაისელებს არ იცნობენ. მე ვიცნობ ქართველებს. მე ადამიანის ხასიათი ვიცი კარგად და განსაკუთრებით, ქართველების, ქუთაისელების, ეს ჩემი მხარეა,"- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერი განვითარდება ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს. "თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხს ერთი ახირებული კაცის ნება ვერ შეაჩერებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 10 ივნისს, 18:00 საათზე ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქცია გაიმართება.