პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით ქუთაისში ხვალ, დაგეგმილ „ქართული ოცნების“ აქციას ძალიან დიდი ამოცანა და მნიშვნელობა აქვს.
ცაგარეიშვილი აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მასშტაბურ რაოდენობას ელოდება და აცხადებს, რომ გადაჭარბების გარეშე აქციაზე მისვლას ათიათასობით ადამიანი აპირებს.
„ხვალ, „ქართული ოცნების“ აქციაზე უამრავი ხალხი იქნება. გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ათიათასობით ადამიანი აპირებს მოსვლას. ჩვენ კოალიციის წევრები ახლაც ქუთაისში ვართ და ვხვდებით მოსახლეობას. ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემები აწუხებს და დილიდან საღამომდე სამსახურის ძებნაში არიან. ყველა ერთსულოვანია, ყველა მოდის აქციაზე და დარწმუნებული ვარ, აქცია ორგანიზებული და მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, კოალიციის წევრები ხელისუფლების პროვოკაციების აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლება პროვოკაციებს ყოველდღე გეგმავს.
„ეს ხელისუფლება უკვე წასულია და ოქტომბერში ამის გაფორმება მოხდება. იმერეთში ყველგან ერთსულოვანი განწყობაა. ეს აქცია ქუთაისის მასშტაბით არნახული ღონისძიება იქნება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.