ჟენევაში კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფორმატში რიგით მეოცე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას საქართველოს, რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, გაეროს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარეებმა განიხილეს ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის (იპრმ) შედეგები საქართველო-აფხაზეთისა და საქართველოს-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. განიხილეს ასევე დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშკრულების გაფორმების აუცილებლობა.
აფხაზმა სეპარატისტებმა ჟენევაში სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს გალის რაიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით „ სადაც კვლავაც დაფიქსირებულია დანაშაული, რომელსაც საქართველოს სპეცსამსახურები ახორციელებენ და რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა წინააღმდეგ არის მიმართული. სამხრეთ ოსეთის მხარემ მთლიანობაში პოზიტიურად შეაფასა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და მოუწოდა ამ შეხვედრების მონაწილეებს უფრო დიდი ყურადღება დაუთმონ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების პრობლემას", - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების განახლება გალში აუცილებელი და გადაუდებელია. ჟენევაში ოსმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ტერმინი "ოკუპაცია" და "ოკუპირებული ტერიტორიები" გააპროტესტეს და ამ საკითხთან დაკავშირებული განხილვის შემდეგ მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას უარი თქვან მათ გამოყენებაზე.ოსურმა და აფხაზურმა მხარემ თავიანთი უკმაყოფილება დააფიქსირეს ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებითაც.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, 21-ე რაუნდი ჟენევაში 3 ოქტომბერს გაიმართება.