„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „Freedom House"-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს მაჩვენებლებს „არც ისე სახარბიელოდ და პოზიტიურად“ აფასებს. როგორც საიას ერთ- ერთმა იურისტმა, ეკა ფოფხაძემ From.ge -სთან საუბარში განაცხადა, ანგარიშში არის როგორც გაუმჯობესების, ასევე გაუარესების ტენდენციებიც. მისი თქმით, ძალიან მცირე გაუმჯობესებას აქვს ადგილი საარჩევნო მიმართულებით, დემოკარტიული მმართველობისა და კორუფციის თვალსაზრისით.
„მაგრამ ეს არის ძალიან მცირე გაუმჯობესება, რაც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებით იყო განპირობებული. ეს არჩევნები შედარებით უფრო დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდა, ვიდრე გასულ წლებში და პრეტენზიებიც ნაკლები გამოითქვა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კუთხით მხოლოდ ოდნავ გაუმჯობესდა სიტუაცია“, - განაცხადა ფოფხაძემ.
ფოფხაძის თქმით, ანგარიშის თანახმად სამწუხაროდ გაუარესებული მდომარეობა სასამართლო სისტემაში გვაქვს, რაც მისი განცხადებით, სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენების სიმცირესთან არის დაკავშირებული.
„ასევე იმასთან, რომ ქვეყანაში ნაკლებად არის საუბარი პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, მართალია, ანგარიშში მითითებულია, რომ ამას ხელისუფლება უარყოფს, მაგრამ ამან მაინც მოახდინა გავლენა სასამართლო სისტემის შეფასებაზე და ქულა გაცილებით დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე იყო შარშან. ეს სამწუხაროდ ასახავს იმ რეალობას, რაც ჩვენ მართლაც გვაქვს ამ სისტემაში“, - აცხადებს საიას ადვოკატი.
ფოფხაძის განმარტებით, Freedom House საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციაა და მისი კვლევაც შესაბამისად საკმაოდ სანდოდ შეიძლება ჩაითვალოს.
„ამ ორგანიზაციის კვლევას თავისი მეთოდოლოგია აქვს, რომელზეც ვიღაცას შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს, ვიღაცას არა და შეიძლება ითქვას, რომ იგი გარკვეული მიმართულებით მართლაც ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველოშია შექმნილი“, - აცხადებს ფოფხაძე.
ცნობისთვის "Freedom House""-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ "ჰიბრიდული" რეჟიმის კატეგორიაში მოხვდა.