ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრის, პეტრე მამრაძის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებები რუსი ხალხისთვის მტრის ხატის შექმნას ემსახურება.
მამარაძის განცხადებით, პუტინი და მისი ჩეკისტები რუს ხალხს თავიანთი თავს პატრიოტად აჩვენებენ.
„პუტინს და მის ჩეკისტურ რეჟიმს სხვა არავითარი არგუმენტი არა აქვს გარდა იმისა, რომ მტრის ხატი დაუხატოს რუს ხალხს. იქნება ეს შეერთებული შტატების სახით, რომელიც უდიდესი სახელმწიფოა, თუ იქნება ეს პატარა საქართველო. მისი განცხადებები აბსურდია და ის ზუსტად ამ კალაპოტში განიხილება“, - განაცხადა მამრაძემ.
მამრაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებებს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება ვინაიდან, ეს მისი პირადი განცხადება კი არაა, აშშ-ს პოზიცია და მათი ნებაა.
„ეს ნება ურყევია, რომ აშშ საქართველოს და ქართველ ხალხს თავიანთ პარტნიორად მიიჩნევს, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას უსაფრთხოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან თუნდაც საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, პუტინი და მისი ჩეკისტები საქართველოს წინააღმდეგ ვერაფერს გაბედავენ, თუ არა სააკაშვილის დახმარებით“, - განაცხადა მამრაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებები სამწუხაროდ, იმის დასტურია, რომ ვაშინგტონს 2008 წლის მოვლენებმა ვერაფერი ასწავლა.
ლუკაშევიჩის განცხადებით, ზუსტად ამერიკისა და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის განცხადებამ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ასევე საქართველოსთვის საზღვარგარეთიდან იარაღის მასობრივმა მიწოდებამ, მიხეილ სააკაშვილს დაუსჯელობის სინდრომი და იმის განცდა ჩამოუყალიბა, რომ ყველაფრის უფლება აქვს.
მისივე თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებისადმი კვლავ ხმამაღალ მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით კვლავ ცრუ თეორიებს იმეორებენ.