ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი, ია თინიკაშვილი გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს.
მისი განცხადებით, იმის გამო, რომ მთელი ღამის განმავლობაში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, მომხდარზე სწორი ანალიზის გაკეთება, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სროლის მიზეზი და თავისი ვერსიების დაკონკრეტება უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ მისდამი მუქარას არ გამორიცხავს.
„ძნელია რაიმე ვარაუდების და ვერსიების თქმა, თუმცა ბუნებრივია, ვერსიები მაქვს. ფაქტია, რომ არიან ადამიანები ვისთანაც გარკვეული დაპირისპირება მაქვს და გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ. ჩემზე ადრეც განხორციელდა გარკვეული მუქარა, მაშინაც მივმართე სამართალდამცველებს. ამჯერად მიმდინარეობს გამოძიება ნამდვილად არ მაქვს საფუძველი ვინმე არაობიექტურ გამოძიებაში დავადანაშაულო. პირველ ეტაპზე რაც კეთდება ხოლმე ყველაფერი გაკეთებულია. ექსპერტიზა ჩატარებულია, დაკითხულია პირები, როგორც ვიცი, ვინც სავარაუდოდ შემსწრე იყო ამ ფაქტის. იმედი მაქვს აუცილებლად გაირკვევა ყველაფერი. ვფიქრობ ეს განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ვისაც ჩემს ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა გარკვეული დაპირისპირება, რაღაც ფინანსურ დავასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თინიკაშვილმა.
თინიკაშვილის განცხადებით, მისი ინფორმაციით ეს გამომძალველთა ჯგუფია, რომელთაშორის რამდენიმე სამართალდამცველიც არის.
„ფაქტია, რომ ეს შემთხვევითი გასროლა არ იყო და ნამდვილად შეიძლება ალბათ, იმის თქმა, რომ არც გზააბნეული მონადირის იარაღიდან გასროლილი ტყვია იყო“, - განაცხადა თინიკაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიებას ჯერ-ჯერობით არაფერი დაუკონკრეტებია.
„ელოდებიან ექსპერტების დასკვნას. მათი ვარაუდით, ექსპერტების დასკვნის შემდეგ, გამოძიების შედეგიანად წარმართვის საფუძველი უფრო მეტია“, - განაცხადა თინიკაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტ ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
შემთხვევა 8 ივნისის ღამით, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანთან მოხდა. ია თინიკაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ გორის ბიუროს ხელმძღვანელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
დაუდგენელი პირების მიერ ნასროლი რამდენიმე ტყვია „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის უკანა კარის მინას მოხვდა და საწინააღმდეგო მხარეს გამჭოლად გავიდა. სროლისგან არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.