ექსპერტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ ყარაბაღში დაძაბულობა არც არასოდეს შენელებულა, თუმცა მიმდინარე დაძაბულობის ფონზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართულია ამ პროცესში და მისი იმედი უნდა გვქონდეს.
„ რამდენიმე დღის წინ ირანული სამხედრო გემები მიადგნენ აზერბაიჯანის საზღვარს, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ანკარასა და ბაქოს შორის რეგიონალური უსაფრთხოების თემებზე, თურქეთის სამხედრო ძალების ყველა სახეობის ხელმძღვანელთან შეხვედრაა დანიშნული. წინასწარ შეფასებების გაკეთება რთულია. საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართულია ამ საკითხში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტიც მნიშვნელოვანწილად ამასთან იყო დაკავშირებული. საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა ვუყუროთ იმედის თვალით, რომ შეჩერდება პროცესები, თუ ეს ყველაფერი არ შეჩერდა და გადაიზარდა რაღაც სრულმასშტაბიანში, პროვოკაციების საშიშროებაც გაიზრდება, მათ შორის რუსეთის მხრიდანაც“, - აღნიშნავს ვოლსკი.
რაც შეეხება იმას, უკავშირდება თუ არა ყარაბაღის კონფლიქტის გააქტიურება ამერიკის ირანთან დაძაბულ სიტუაციას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ირანთან მოლაპარაკებების წინ ამერიკას რეგიონში სიტუაციის დაძაბვა არანაირად არ აწყობს.
„აზერბაიჯანი და კასპიის რეგიონის ეს ნაწილი საკმაოდ ფეთქებად საშიში მდგომარეობის გამო, საკმაოდ ფაქიზი ადგილია. ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება დაინტერესებული, რომ სამხრეთ კავკასია საამისო პლატფორმად გამოიყენოს. დასავლეთიც და ამერიკაც პირველ რიგში იმით იქნება დაინტერესებული, რომ ეს პრობლემა მოიხსნას.
რუსეთიც ერთ-ერთ პასუხისმგებელ მხარედ ჩადგა ამ დიდ თამაშში. დასავლურ მედიაში გავრცელებული მოსაზრება, ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან დაკავშირებით, თითქოს ახალისებს აზერბაიჯანს დაძაბოს სიტუაცია ყარაბაღში, საფუძველმოკლებული მგონია, რადგან აშშ-ს ირანთან მოლაპარაკების წინ არანაირად არ აწყობს დაძაბოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში. ნატოს საკმაოდ ძლიერი პარტნიორი ჰყავს რეგიონში თურქეთის სახით და ძლიერი პლატფორმა აქვს როგორც თურქეთში, ისე სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასია არ არის ის სფერო, რომელიც შეიძლება ამერიკამ ირანის წინააღმდეგ გამოიყენოს“, - აცხადებს ვოლსკი.