პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქუთაისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და სამართალდამცავები კოალიციის ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ, პროვოკაციულ ქმედებებში ამხილეს.
ლიდერებმა, კონკრეტულად პროკურატურის მხრიდან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა მხარდამჭერის ნინო ყურუას დაკითხვის დეტალებზე ისაუბრეს.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტს ნინო ყურუას ე.წ. „აგენტ-პროვოკატორი“ მიუგზავნეს, რომელიც ახალგაზრდას პროვოცირებას ცდილობდა. მოგვიანებით კი, აგენტის მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერი ნინო ყურუას დაკითხვისას გამოიყენეს.
„ქართული ოცნების“ გულშემატკივარი, რომელიც გუშინ დაკითხვაზედაიბარეს, დაკითხვას პროკურორი მერაბ ტყეშელაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ოპერ მუშაკის მიერ ჩაწერილი ფირი უჩვენა, რომლის გვარად დასახელდა კახა კოღუაშვილი. შეიძლება ეს აგენტი, სხვა გვარის და სახელის იყოს, მაგრამ აგენტად წოდებულმა კახა კოღუაშვილმა ფარულად ჩაიწერა ნინო კოღუაშვილთან საუბარი. ცალსახად მინდა ავღნიშნო, რომ ამ ჩანაწერში, რომელიც უკანონოდაა განხორცილებული არცერთ მომენტში ნინო ყურუა არ იძლევა დაპირებას ამომრჩევლისადმი, რომ შესრულებული იქნება მისი ესა თუ ის პირობა. ერთადერთი რასაც ნინო ყურუა აკეთებს უხსნის, თუ როგორ უნდა შეივსოს ფლაერი. ამ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე სააკაშვილი ცდილობს მახეში გააბას ნინო ყურუა და სხვა გულანთებული ახალგაზრდები. ნინო ყურუას სახით საქართველოს პროკურატურა ახალგაზრდა თაობას დაუპირისპირდა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ რომ გითხრათ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა წულუკიანმა.