უმრავლესობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს დავით ბეჟუაშვილს კანონი არ დაურღვევია.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში ერთ-ერთი დღესასწაულის აღნიშვნაზე დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა სოფელში მდებარე სამების ეკლესიის ეზოში სუფრა გაშალა და მოსახლეობა დაპატიჟა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია კონტროლის პალატას უნდა მიეწოდოს, რომელიც კანონის დარღვევის არსებობას ან არარსებობას დაადგენს.
"მიმაჩნია, რომ კონტროლის პალატის შეფასებებს უნდა დაველოდოთ, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით ბეჟუაშვილს ამ შემთხვევაში კანონი არ დაურღვევია", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში კუბლაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას ინფორმაციით კი, ასურეთში გაშლილ სუფრაზე დავით ბეჟუაშვილი დაპატიჟეს.
"როგორც ითქვა, ამ სუფრასთან დავით ბეჟუაშვილი იყო დაპატიჟებული, თუმცა, რადგან კითხვის ნიშნები არსებობს, კონტროლის პალატამ უნდა გამოიძიოს, პარლამენტის წევრმა გასწია თუ არა ფინანსური ხარჯები. საბოლოოდ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, ეს უწყება დაადგენს", - განაცხადა თორდიამ.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილს ასურეთში, სუფრის გაშლა რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა.