ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ყარაბაღში დაწყებულ მობილიზაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში ომის საშიშროების ხარისხი ძალიან მაღალია.
„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკური ღონისძიების წინ, ვითარების გააქტიურება პრაქტიკაში ხშირად ხდება ხოლმე. 18 ივნისს, პარიზში ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, შუამავალი ქვეყნების შეხვედრაა დაგეგმილი. არ გამოვრიცხავ, რომ ამ შეხვედრას გავლენა ჰქონდეს იმ მოვლენებზე, რაც იქ ხდება.
რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, მინდა ვთქვა, რომ ყარაბაღში დაწყებული მოვლენები, ეს არ არის დაპირისპირებული მხარეების ინიციატივა, ეს შეიძლება პირდაპირ ითქვას. ვთვლი, რომ ამ სიტუაციაში სხვა ქვეყნებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ვინ რამდენადაა ჩართული, ამის თქმა ახლა მიჭირს, ყოველშემთხვევაში თურქეთი, რომ სადღაც ჩანს, ეს ფაქტია. ის სამხედრო აგრესიაში პირდაპირ არ ჩაერთვება, მაგრამ თურქეთის მონაწილეობა ყარაბაღის კონფლიქტში, აუცილებლად იქნება ინსტრუქტორებისა თუ შეიარაღების სახით. სულ ახლახანს აზერბაიჯანმა თურქეთთან გააფორმა ხელშეკრულება ახალი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების შეძენის შესახებ. „შტურმი“ ძალიან ეფექტურია, თანაც შორსმსროლელი. თურქეთი შეეცდება კონფლიქტური სიტუაცია თავისი გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენოს“,-განაცხადა არეშიძემ.
თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ დღეს, გააკეთა განცხადება, რომ „თურქეთი ყველა ღონეს იხმარს, აზერბაიჯანული მიწების გასათავისუფლებლად“.