„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებიდან ორ მთავარ მიმართულებას გამოყოფს. როგორც პარტიის ერთ- ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, გუშინდელ გამოსვლაში ჰილარი კლინტონმა მკვეთრი განცხადებები გააკეთა, რომლითაც რუსეთს აგრძნობინა, რომ გადატვირთის პოლიტიკა დასრულდა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამას აღიქვამდა, როგორც არამეგობრულ დამოკიდებულებას.
„2008 წლის მერე ამერიკული მხარე იმის გამო რომ რუსეთი არ გააღიზიანოს, ერიდებოდა საქართველოსთან ღია სამხედრო თანამშრომლობას. ეს იყო გადატვირთვის პოლიტიკა, გუშინ კი სამხედრო კატარღის გაშვება, რომელსაც თავად კლინტონი დაესწრო, გარკვეულწილად რუსეთისკენ იყო მიმართული. ამით მან ის გამოხატა, რომ ამერიკის მოთმინებას აქვს თავისი საზღვარი და გადატვირთვის პოლიტიკა დასრულდა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძის თქმით, საგარეო პოლიტიკის კუთხით კლინტონის მეორე მნიშვნელოვანი განცხადება ნეიტრალური პასპორტების შემოღებას ეხება, რომლითაც აფახაზეთისა და ოსეთის მოქალაქეები აშშ-ში მგზავრობისას გამარტივებული პირობებით ისარგებლებენ. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მოსაგვარებლად.
რაც შეეხება საშიანო პოლიტიკას ვეფხვაძის თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი აქცენტები არჩევნების კუთხით დაისვა. როგორც ის აცხადებს, როცა პრეტენზია გვაქვს საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობაზე, ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
„პარტნიორობა დემოკრატიულ და ნახევრად დემოკრატიულ ან არადემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ვერ შედგება. ამიტომ თუ კი ჩვენ გვინდა ეს პარტნიორობა გაგრძელდეს, უნდა ჩამოვყალიბდეთ სრულყოფილად დემოკრატია. სწორედ ამის ინდიკატორია არჩევნები და ამაზე ყურადღების გამახვილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ვეფხვაძემ from.ge სთან საუბარში.