არასამთავრობო ორგანიზაცია „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა“ ბარათაშვილის ქუჩაზე კიპარისების მასობრივი ხმობის ფაქტი გააპროტესტა.
როგორც „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა from.ge - სთან საუბარში განაცხადა, ბარათაშვილის ქუჩაზე აბსოლუტურად ჯანსაღი ცაცხვები გაიჩეხა და მათ ნაცვლად უცხოეთიდან შემოტანილი 225 ათასი ლარის ღირებულების კიპარისის ნერგები დაირგო. ეს იყო 120 ნერგი თითოეული 930 ლარის ღირებულების, მაშინ, „როცა შეიძლებოდა მერიას საქართველოში თითო ნერგი 18 ლარად შეეძინა“.
„ თბილისის მერიამ 912 ლარით ძვირი გადაიხადა იმ კიპარისის ხეებში, რომლებიც ჩვენს გარემო პირობებს ვერ შეეგუა და გახმა. ფაქტიურად 225 ათასი ლარი ხელისუფლებამ ჩვენი ჯიბეებიდან ამოიღო და წყალში გადაყარა. მაშინ როცა შეიძლებოდა ამ თანხის სხვა სფეროში გამოყენება, არამარტო ხეების სიცოცხლის შენარჩუნება და გამწვანებაში ჩადება, არამედ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაც“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტით ხელისუფლების კიდევ ერთი თვალსაჩინო და სამწუხარო კორუფციული შემთხვევა დაფიქსირდა.
ჩხარტიშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტის გამო არამარტო „გრინსერვისის“ პასუხიმგებლობის, არამედ თბილისის მერიის და კონკრეტულად გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომელსაც მისი თქმით, თავიდანვე იყო საქმის კურსში და მხოლოდ გამოწვეული ხმაურის ფონზე გახდა იძულებული კომპანიასთან კონტრაქტი გაეწყვიტა, რათა მათთვის პასუხი არავის მოეთხოვა.
„სინამდვილეში ისინიც კარგად ხვდებიან, რომ ბევრად ძვირი გადაიხადეს, ვიდრე შეიძლებოდა გადაეხადათ და ამ ნერგების უცხოეთიდან შემოტანის არანაირი აუცილებლობა არ ყოფილა. მე მინდა გიგი უგულავა შევადარო ბურატინოს, რომელსაც ოცნება აუხდა. მან აიხდინა ის ოცნება, რომელიც ვერავინ ვერ აიხდინა. დარგო ფულის ხეები. გიგი უგულავა აქტიურად არის დაკავებული ერთის მხრივ ხეების გაჩეხვით, მეორეს მხრივ თბილისის გამწვანებაზე ხელების მოთბობით“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
„გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, მოქმედი წესის და კანონის თანახმად მერიის პასუხიმგებლობა პროკურატურამ უნდა დააყენოს, მაგრამ მას ამის იმედი არ აქვს.
„გამოდის, რომ ჩვენ უფრო მეტად საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რათა მათ გაეგოთ გიგი უგულავას სახით თუ რა მლიქვნელობასა და ფარისევლობასთან გვაქვს საქმე“ - დასძინა ჩხარტიშვილმა