კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 27 მაისის აქციაზე პროვოკაციებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ივანიშვილმა "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი განცხადებით, კოალიცია აქციის უსაფრთხოებასა და სამშვიდობო მსვლელობის უზრუნველყოფას მაქსიმალურად შეეცდება, რადგან მის ინტერესებში ვითარების დაძაბვა არ შედის.
"ეს აქცია მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას არ ისახავს. ჩვენ მხოლოდ ერთსაათიანი მსვლელობა და თავისუფლების მოედანზე 20-30 წუთიანი გამოსვლა გვექნება. გვინდა ყველას დავანახოთ ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალური მუხტი. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდეს და ვცდილობთ, ყველაფერი კანონის ჩარჩოებში დარჩეს. ჩვენი მიზანი დღევანდელი ხელისუფლების მხოლოდ არჩევნების გზით ჩანაცვლებაა. არაფერს არ გამოვრიცხავ, ყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქცია მშვიდობიანად დამთავრდეს," - განაცხადა ივანიშვილმა.