დემურ გიორხელიძე: ასეთი დიდი პროექტები ვიღაცის ჯიბრზე და ვიღაცის საზიანოდ არ კეთდება

დემურ გიორხელიძე: ასეთი დიდი პროექტები ვიღაცის ჯიბრზე და ვიღაცის საზიანოდ არ კეთდება

 

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრის სერგეი ტიგიბკოს განცხადებას საქართველოზე გამავალ ახალი გაზის მაგისტრალის მშენებლობას საქართველოსთვის პერსპექტად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინის მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით კონფრონტაციული განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს.  

„რამდენადაც ვიცი, საუბარია აზერბაიჯანიდან საქართველოს და უკრაინის გავლით ევროპისკენ გაზსადენის მშენებლობაზე, მაგრამ ეს არის სავარაუდო პროექტი, რომლის რეალიზაციასაც გარკვეული დრო დასჭირდება.  რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კარგია, რაც მეტი ასეთი ტრანსნაციონალური პროექტები გაივლის საქართველოზე. ამ ყველაფერს ერთი დიდი საფრთხე ახლავს თან-როგორც საქართველო, ისე უკრაინა ამ პროექტთან დაკავშირებით კონფრონტაციულ რიტორიკას იყენებს და ეს მიუღებელია. რადგან ასეთი დიდი პროექტები ვიღაცის ჯიბრზე და ვიღაცის საზიანოდ არ კეთდება. იმ ვიღაცას კი საკმაოდ სერიოზული ბერკეტები გააჩნია. „ნაბუქოს“ პროექტთანაც დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ასევე არასწორი იყო, როდესაც ის კონფრონტაციულ კონტექსტებს დებდა მის მხარდაჭერაში და ეს იყო შეცდომა. ეს პროექტი რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ვიმეორებ, თუ განცხადებების კეთება ისევ კონფრონტაციულ რეჟიმში გაგრძელდება, არაფერიც არ გამოვა“,-განაცხადა გიორხელიძემ.