ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე არაადეკვატურს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რეგიონებში ძალიან ბევრი სამუშაო ადგილების გაჩენასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე ამ პერიოდამდე იყო.
„რეგიონებში და სოფლად, რაც დრო გადის, მით უფრო გაუსაძლისი პირობები იქმნება. თუ წლების წინ ადამიანებს საშუალება ჰქონდათ, მეტ-ნაკლებად დაემუშავებინათ მიწა და თავისი სარჩო-საბადებელი წლიდან წლამდე მოეყვანათ, დღეს ესეც კი ძნელად მოსაპოვებელი გახდა. ამაზე მეტყველებს საქართველოში დამუშავებული მიწების ფართების სტატისტიკა, რომელიც ყოველწლიურად მცირდება, ყოველწლიურად მცირდება სოფლის მეურნეობაში წარმოებული დამატებული ღირებულება, მცირდება ასევე წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რაც ძალიან მარტივი უნდიკატორია იმის, რამდენად გაუსაძლისი პირობებია რეგიონებში და სოფლად, აქედან გამომდინარე შემცირებულია დასაქმებულთა რიცხოვნება. არაადეკავტურია საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, როდესაც ამბობს, რომ რეგიონებში საკმარისი სამუშაო ადგილებია შექმნილი. არა თუ რეგიონებში, ქალაქებშიც არ არის საკმარისი სამუშაო ადგილები“,-აცხადებს კალანდაძე.