საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის დელეგაციას უმასპინძლა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ და მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ შეხვედრები გამართეს საქართველოში ვიზიტად მყოფ შვედეთის სამეფოს მმართველი „მოდერატების“ პარტიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან. შვედურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის თავმჯდომარე ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასი.

შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა და საქართველოში მიმდინარე პროცესები.

შვედურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებისადმი.

შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს ხუთ-დღიანი ვიზიტით სტუმრობს. 13 მაისს, შვედური დელეგაცია ეწვია ქუთაისს და მოინახულა საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიორგი ბოკერიასთან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან.