კახეთში ძლიერი წვიმების შედეგად ყველაზე მეტად გურჯაანის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი აცხადებს, გურჯაანის სოფლებში დაინგრა შიდა საუბნო გზები, დაიტბორა სასოფლო სამეურნეო ნათესები, წყალმა კი ხევის ჯებირები წაიღო.
„ გარდა ამისა, დაზიანებულია ცენტრალური ავტომაგისტრალი. რაც შეეხება ლაგოდეხის რაიონს, დღევანდელი ინფორმაციით საცხოვრებელ სახლებში ჯერ კიდევ წყალი იდგა. მთლიანად რეგიონში ზარალის რაოდენობამ კი დაახლოებით 5 მილიონ ლარს მიაღწია“ - განაცხადა მთივლიშვილმა.
მთივლიშვილის ინფორმაციით ზარალის დასათვლელად სახელისუფლებო სპეციალური დამთვლელი კომისია მუშაობს. თუმცა მისივე ცნობით, გზის გამწმენდი ან სალიკვიდაციო აქტიური ღონისძიებები ამ დრომდე არ ჩატარებულა.
„როგორც წესი სტიქიის აღმოსაფხვრელი ღონისძიებები იშვიათად მიმდინარეობს. ამ წუთში სალიკვიდაციო ღონისძიებები რაც მიმდინარეობს ის არის, რომ ზოგიერთ ადგილზე მძიმე ტექნიკით ასწორებენ გზას, რათა სოფელთან მისვლა ან იქედან გამოსვლა გახდეს შესაძლებელი“ - განაცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ ზოგადად კახეთში ასეთი სარეაბილიტაციო სამუშაოების აქტიურ რეჟიმში წარმოება თითქმის არასოდეს მიმდინარეობს.