ლევან ბერძენიშვილი: როდესაც შენს  ისტორიულ -კულტურულ ძეგლებს მარჯვნიდან მარცხნივ ჩუქნიან, ხელისუფლებას წითელი ბარათი უნდა აჩვენო

ლევან ბერძენიშვილი: როდესაც შენს ისტორიულ -კულტურულ ძეგლებს მარჯვნიდან მარცხნივ ჩუქნიან, ხელისუფლებას წითელი ბარათი უნდა აჩვენო

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის  განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმად, „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს და ის საბჭოთა კავშირის დროიდან აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება“  განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის  ძალიან დიდი ხანია საზღვარი  დადგენილი არაა, თუმცა ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება  ამას აზერბაიჯანელი მოსახლეობისგან ხმების მოსაპოვებლად გამოიყენებს.

 „ყველაფერი ამ რაკურსში აქვთ გააზრებული.  მათ არც დავით გარეჯი აღელვებთ და არც სხვა მონასტრები მთავარია, რომ ამას აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის სასარგებლო ინფორმაციად გაჰყიდიან,  ხოლო ჩვენ გვეტყვიან, რომ ყველაფერი საბჭოთა კავშირის ბრალია“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის განცხადებითვე, ეს ყველაფერი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებაზე მიანიშნებს და ქართველ ამომრჩველს ამ ვითარებაში გარკვევისკენ მოუწოდებს.

„ხელისუფლება რომელიც ასე იქცევა, ხელისუფლებაში ხელახლა მოყვანილი არ უნდა იყოს. საზღვრის პრობლემა დიდი ხანია არსებობს,  მაგრამ იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არასდროს არ იდგნენ,  ახლა დგანან იმიტომ რომ არსებულმა ხელისუფლებამ ვითარება აქამდე მიიყვნა“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ხელისუფლების აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გარიგებასაც არ გამორიცხავს.

„არ ვიცით ჩვენ ვის რა უფლება აქვს,  რა გარიგებაშია საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან,  ჩვენთვის არავის  უთქვამს, შეიძლება უკვე მათ უფლებაც აქვთ და ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ჩვენ არაფერი ვიცით“,-განაცხადა ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ „როდესაც შენს ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს ასე ჩუქნიან მარჯვნიდან მარცხნივ ხელისუფლებას წითელი ბარათი უნდა აჩვენო“.