თბილისის მოდის კვირეულს „ბუდა-ბარ თბილისი“ უმასპინძლებს

თბილისის მოდის კვირეულს „ბუდა-ბარ თბილისი“ უმასპინძლებს

 

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა თაკო ჩხეიძემ და მარიამ ყუბუსიძემ ისაუბრეს ყველა იმ სიახლეზე, რასაც რიგით მე-6 თბილისის მოდის კვირეულის სტუმრებს უმზადებენ.

17-20 მაისს, „ბუდა-ბარ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რიგით მეექვსე თბილისის მოდის კვირეული გაიმართება. 17 მაისს, თბილისის მოდის კვირეული დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კოლექციით და ბრენდ „მავის“ აქსესუარებით შექმნილი ფოტო გამოფენით გაიხსნება.

ფოტო გამოფენის შემდეგ, თბილისის მოდის კვირეულის პირველ საღამოს მხოლოდ ერთი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის კოლექციის ჩვენება გაიმართება.

როგორც პრესკონფერენციაზე თაკო ჩხეიძემ განაცხადა, მოდის კვირეულში 9 საუკეთესო დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. უცხოეთში მოღვაწე დიზაინერებიდან პირველად ქართველი მაყურებლის წინაშე გიორგი შაღაშვილი და ბიბი ბახტაძე წარსდგება.

მისი თქმით, კვირეულის ფარგლებში 18 მაისს 20-მდე ახალბედა დიზაინერის ჩვენება გაიმართება. ხოლო კვირეულს დახურავს დათუნა სულიკაშვილის შოუ-რუმი.
თბილისის მოდის კვირეულს მოდის კრიტიკოსები ეწვევიან საფრანგეთიდან, იტალიიდან და უკრაინიდან.

ღონისძიებას წარმოადგენს-ბანკი რესპუბლიკა, გენერალური სპონსორი - „ეკო-ფუდი"; მხარდამჭერები: თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და თბილისის სამხატვრო აკადემია.