მექსიკაში 49 თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს

მექსიკაში 49 თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს

 

მექსიკელმა სამართალდამცველებმა ქალაქ მონტერეისთან ახლოს 49 თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს. ცხედრები ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან ახლოს, გზის პირას აღმოაჩინეს.

ყველა მსხვერპლს დაჭრილი აქვს თითები. გამოძიების ვარაუდით, მკვლელები ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ მათი ამოცნობა ანაბეჭდების მიხედვით შეუძლებელი ყოფილიყო.

მოკლულთაგან ექვსი ქალია. ექსპერტიზის დასკვნით, ყველა მათგანი უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში სხვა ადგილას მოკლეს, შემდეგ კი საზღვართან სატვირთო ავტომობილით გადაიყვანეს. გამოძიების ვარაუდით, მომხდარი ნარკოკარტელებს შორის დაპირისპირების შედეგია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მექსიკისა და შეერთებული შტატების საზღვართან, ქალაქ  ნუევო-ლარედოში 23 ადამიანი მოკლული იპოვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან  9 ქალაქის სხვადასხვა ადგილზე ჩამომხრჩვალი ნახეს, 14 ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნაწილები კი ავტომობილებში, ხოლო მოკლულთა თავები,  ქალაქის მერიის შენობაში, ყუთებში აღმოჩინეს.

ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 მოკლულის გვამი გასულ თვეშიც აღმოაჩინეს. ნარკოდანაშაულის გამო მექსიკაში ბოლო 6 წლის განმავლობაში 50 ათასი ადამიანი მოკლეს.