თბილისის მერიამ „გრინსერვისთან“ ხელშეკრულება გააუქმა. კომპანიის მიერ შესყიდულ კვიპაროსის ნერგებთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერიაში თათბირი გამართა, რომელსაც გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქორქაშვილიც ესწრებოდა.
გიგი უგულავას განცხადებით, კომპანია „გრინსერვისმა“ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა და საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნება.
მერის განცხადებით, წელს თებერვალში თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ოთხმეტრიანი კვიპაროსის ნერგებისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვაზე. 120 კვიპაროსის ნერგი და თანმდევი მომსახურება 225 000 ლარად შესყიდულ იქნა ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გრინ სერვისისგან“. კომპანიის მიერ, აღნიშნული შესყიდვის ფასის ადეკვატურობასთან დაკავშირებით, ეჭვი გამოთქვა საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველომ.
როგორც თბილისის მერიაში განმარტეს, თბილისის მერიის მიერ მოძიებული მასალით დგინდება, რომ სატენდერო პროცედურების დაცვის მიუხედავად, კომპანია გრინ სერვისმა პროდუქციის შესყიდვა მოახდინა ობიექტურ ღირებულებაზე დაბალ ფასად, რაც არ იქნა ასახული მის მიერ მერიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში. აღნიშნული გულისხმობს, რომ კომპანია გრინ სერვისმა სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა. საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნება.
ამ თემაზე კვირას, 6 მაისს, გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი გავიდა. ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ „გრინსერვისი“ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერების უპირობოდ და უკონკურენტოდ იგებდა:
ავლაბარში ვერტიკალური ბაღის მოწყობა. - 450 000 ლარი ;
კახეთის გზატკეცილი , აეროპორტის ტრასა და მისი მიმდებარე ტერიტორია - 2 ტენდერი - 1 471 500 ლარი;
ძველი თბილისის რაიონის მარჯვენა სანაპირო - 1 025 129 ლარი;
პარკი მზიური - 2 ტენდერი - 651 640 ლარი;
ტიტები - 119 210 ლარი;
ბათუმის ქუჩები - 2 ტენდერი - 896 000 ლარი;
ბათუმის ბულვარი - 4 ტენდერი - 869 700 ლარი
ეს იმ ტენდერების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც „გრინსერვისმა“ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა. 2007 წელს დაარსებული კომპანია ქუჩების, სახელწიფო დაწესებულებებისა და სარეკრეაციო ზონების გამწვანების სფეროში სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ლიდერია. მხოლოდ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფოსთან გრინსერვისმა ჯამში 29 ხელშეკრულება გააფორმა. მათი საერთო ღირებულება 7 მლნ ლარს აჭარბებს. 2010 წლამდე ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არ მოიპოვება.
„კვირის რეპორტაჟის“ მასალების მიხედვით თბილისის მერიამ სხვადასხვა მცენარეების და ნარგავების შესყიდვის მიზნით ბოლო ტენდერი 2012 წლის 5 აპრილს გამოაცხადა. 470 ათასი ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ გრინსერვისმა მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. გრინსერვისი 36 სახეობის, სულ 15 610- ძირ მცენარე თბილისში 2012 წლის ბოლომდე დარგავს და ამ მომსახურებისთვის 444 444 ლარს მიიღებს.
„სამსახურის საქმიანობა ძირითადად ეს არი, ვთქვათ დამკვეთის ფუნქციას ასრულებს. აცხადებს ტენდერს შესაბამისი ტერიტორიების მოვლაზე, სხვადსხვა პროდუქციის შესყიდვაზე რაც ჩვენს გვჭირდება და ამ სამუშოებს ასრულებს კერძ კომპანიები, რომლებიც დაახლოებით 70-მდეა ვისთანაც ჩვენ ხელშეკრულება გვაკავშირებს:-, აცხადებდა კვირას, 6 მაისს „კვირის რეპორტაჟთან“ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი - გიორგი ქორქაშვილი.
თბილისის მერიას საქმიანი ურთიერთობა გამწვანების 70-მდე კომპანიასთან აკავშირებს. ყველაზე მსხვილ ტენდერებს „გრინსერვისი“ იგებდა. მარტში „გრინსერვმა“ 225 000 ათას ლარიანი ტენდერი მოიგო და თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე გამწვანების სამუშაოების შესრულების უფლება მიიღო.. 13 მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, მერიამ „გრინსერვისს“ კვიპაროსის თითო ნერგში 990 ლარი გადაუხადა - სულ 118 800 ლარი 120 ნერგის სანაცვლოდ.
„ამაში შედიოდა როგორც მისი ღირებულება ისე ტრანსპორტირება და განბაჟება. ეს არ არის ერთი ნერგი, ეს არის სამი ნერგი რომელიც ერთმანეთშია შეზრდილი. მე მესმის რომ ეს არის ძვირი, მაგრამ შესაბამისად მისი ხარისხი არის ძალიან მაღალი. როცა ვიზუალს ვადგენდით ბარათაშვილის ქუჩის და გვინდოდა თავიდანვე ეფექტი ყოფილყო. შეთანხმდა ჩვენს ხელმძღვანელობასთან, სპეციალისტებთან. ჩვენ ფასი გამოვიყვანეთ საბაზრო ღირებულებიდან, კომპანია რომელმაც მიიღო ტენდერში მონაწილეობა სამწუხაროდ ეს იყო ერთადერთი კომპანია და კონკურენცია ამ კუთხით არ ქონია“, - აცხადებდა გიორგი ქორქაშვილი.
უკონკურენტო კომპანიისგან კვიპაროსების შესყიდვის ფასი, როგორც თბილისის მერიის გაწვანების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, მან სხვადსხვა კომპანიებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინა. თუმცა ქორქაშვილმა „კვირის რეპორტაჟთან“ ამ კომპანიების დასახელებისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტს ურჩია კვიპაროსების საბაზრო ღირებულების დასადგენად საძიებო სისტემა google-ისთვის მიემართა.
„ ეს ისეთი კითხვაა რომელზეც ეხლა მე არ გიპასუხებთ, ეს ხომ არ ხდება წერილობით ხო ასეთი ინფორმაციის გადამოწმება, მე შემიძლია ინტერნეტშიც ვნახო ელემენტალურად ხო?“ - განაცხადა ქორქაშვილმა.
„ჩვენი ყურადღება ამ ტენდერმა მიიპყრო ორი გარემობის გამო, ერთი იყო თავად ნერგების ფასი 990 ლარი თითო კვიპაროსის ნერგში. ჩვენ შევადარეთ ეს მერიის ძელ ტენდერებს ზოგიერთ რამდენიმე ძველ ტენდერს სხვადსვხა ჯიშის ხის ნერგების ფასი, რომლებიც გამოიყენება, როგორც თბილისში ისე მსოფლიოში სხვადასხვა ქალაქების გამწვანებისთვის მერიას ასეთი სხვადასხვა ჯიში ხეები ჰქონდა სადღაც 20-30 ლარად ნაყიდი ნერგები“,- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი აქცენტს აკეთებს, მერიისთვის კვიპაროსების მიმწოდებელი ფირმის, შ.პ.ს „„გრინსერვისის“ მფლოებელებთა ვინაობაა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანია გრინსერვისის 50-50 პროცენტიან წილს გიგი უგულავს ყოფილი მოადგილე და ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე, ასევე ფურცხვანიძის ყოფილი მოადგილე, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე ფლობენ. ფურცხვანიძეც და ხარშილაძეც გრინსერვისის მეწილეები საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გახდნენ. ყოფილი გამგებლის და მისი მოადგილის თანამდებობიდან დათხოვნის მიზეზად 2009 წელს მათ სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობის, აღმოჩენა და გიგი უგულავასთან დაპირისპირება დასახელდა. თუმცა, სკანდალს ხელი არ შეუშლია თბილისის მერიისთვის, გრინსერვისში ახალი მფლობელების გამოჩენის შემდეგ ყველა მსხვილი დაკვეთა სწორედ ამ კომპანიას მიეღო.
ვიდრე ხარშილაძე და ფურცხვანიძე გამწვანების ბიზნესით დაინტერესდებოდნენ, შ.პ.ს „გრინსერვისში“ ოთხ, თანაბარ წილს საზოგადოებისათვის უცნობი პირები: მამუკა მურვანიძე, მარინე მურცხვალაძე, კახა ყორღანაშვილი და ზვიად შარიქაძე ფლობდნენ. არსებობდა ეჭვი, რომ ძველ მფობელებს წილების დათმობა აიძულეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად „კვირის რეპორტაჟმა“ მათ ოჯახებში მიაკითხა
ბუდაპეშტის ქუჩაზე, მამუკა მურვანიძის საცხოვრებელ მისამართზე მხოლოდ მისი სიდედრი და სიმამრი ცხოვრობენ. მათ ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის ღიად მოწოდების შეეშინდათ , თუმცა განაცხადეს, რომ მომხდარზე „გრინსერვისის“ ამჟამინდელი მფლობელების გვარებიც მეტყველებს.
„ვახოს იცნობ შენ კომახიძეს? სად არის იცი, აი ვმეგობრობდით მე და ვახო კომახიძე. სად არი იცი და რატო არ ისიც . ასეთ სიტუაციაში ვერაფერს ვერ გეტყვით მამუკა. იქ გვარები რომელიც ფიგურირებს თავისთავად ლაპარაკობს თავისთავზე და ეხლა ვერ გავიგე. კაცს ჟვანიას გამო არ მოთხოვეს პასუხი და თქვენ რა გგონიათ“, - განაცხადეს მურვანიძის ახლობლებმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ მეწილე კახა ყორღანაშვილს, მისი ძმის განცხადებით ერთი კვირაა რაც ის სტეფანწმინდაში მონასტერში წავიდა.
რატომ და რა ფასად დაუთმო ფურცხვანიძეს და ხარშილაძეს „გრინსერვისში“ საკუთარი წილი, ამაზე მხოლოდ მარინე მურცხვალიძემ ისაუბრა. კომპანიის ყოფილმა მეწილემ „კვირის რეპორტაჟთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ კუთვნილი წილი საკუთარი სურვილით გაასხვისა.
თემაზე საუბარი არ ისურვა კომპანიის დირექტორმა და მეწილემ, კობა ხარშილაძემ.
„არ მსურს არ კითხვებზე პასუხების გაცემა, კარგად ბრძანდებოდეთ პატივცემულო“, - განაცხადა მან.
„გამწვანება კრწანისი“, „გამწვანება 94“, „სთარი 2007“, „ევროპლანტი“ - თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ამ კომპანიების გარდა „პარტნერ გრუპი“, „ლოტოსი“, „დელტა ჯორჯია“, შპს გრინტექსი და კიდევ რამდენი სხვა კომპანია ფიგურირებს. თბილისის გამწვანების სამსახურის ბიუჯეტი 14 მლნ ლარს შეადგენს, აქედან კი 6 მლნ ლარი სატენდერო შეყიდვებით „გრინსერვისი“ ლიდერობს. კონკურენტმა ფირმებმა „გრინსერვისის“ საწინააღმდეგო პოზიციის ღიად დაფიქსირებას ტავი აარიდეს.