რეზო ჩხეიძე: „ჯარისკაცის მამას

რეზო ჩხეიძე: „ჯარისკაცის მამას" კანის ფესტივალზე მსოფლიო კინოკლასიკის ეგიდით აჩვენებენ


რეჟისორ რეზო ჩხეიძის განცხადებით, ამერიკული კომპანიამ, რომელიც იმ ძველი ფილმების გაფერადებაზე მუშაობს, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, 1964 წელს გადაღებული ქართული ფილმის „ჯარისკაცის მამის“ გაფერადება დაასრულა და სულ მალე მას დიდ ეკრანებზეც უჩვენებენ.

„როგორც ჩანს, ამერიკელები თვალყურს ადევნებდნენ ამ ფილმს. „ჯარისკაცის მამის“ კასეტები იქ იყიდებოდა. მოსკოვში მოქმედმა ბელგიურმა ფირმამ ამერიკულ კომპანიას ფილმის გაფერადების შეკვეთა მისცა.  ამერიკაში გაკეთებულ ფერად ესკიზებს გვიგზავნიდნენ, მე მხატვრებთან ერთად კორექციას ვუკეთებდი და თუ რაიმე არ მოგვწონდა, ჩვენს შენიშვნებს ვეუბნებოდით. „ჯარისკაცის მამა“ კომედია არ არის, თანაც შავ-თეთრი იყო, ამიტომ გვინდოდა, რომ ფერები დამშვიდებული ყოფილიყო, რომელიც ფილმის შინაარსთან ახლოს დადგებოდა. ამჟამად ფილმი დასრულებულია.

გაფერადებას ძალიან ეჭვით ვუყურებდი, მეშინოდა, თუმცა საბოლოო ჯამში კმაყოფილი დავრჩი. მხოლოდ ეპიზოდი მაქვს წამოღებული ქართველი მაყურებლისთვის, მთლიანი ფილმი ვერ წამოვიღე, რადგან ჩემს საკუთრებაში გადმოსული არ არის, ამაზე სიამოვნებით დამთანხმდნენ.

რაც შეეხება დიდ ეკრანზე „ჯარისკაცის მამის“ ჩვენებას, ვიცი, რომ კანის ფესტივალზე მსოფლიოს კლასიკური კინოს ეგიდით აჩვენებენ“,-აცხადებს From.ge-სთან საუბარში რეჟისორი.