უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები უკვე ეჭვის საფუძველს აძლევს იფიქროს, რომ მას არც არჩევნებში მონაწილეობა და არც საქართველოს მოქალაქეობა სურს.
ბობოხიძის განცახდებით „ქართული ოცნების“ ლიდერის ინტერესებში უკვე სიტუაციის დაძაბვა შედის.
„ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ივანიშვილის სიჯიუტის გამო, იძულებული ვხდებით შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილება მივიღოთ, რადგან ეს არც შიგნით არც გარეთ სალაპარაკო არ გახდეს. ივანიშვილის ინტერესია არა არჩევნებში მონაწილეობა არამედ, სიტუაციის დაძაბვა“,-განაცხადა ბობოხიძემ.
მისივე განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება არათუ ივანიშვილს არამედ, მის თანამებრძოლებსაც არ სურს.
„იმიტომ რომ ერთ ადგილზე სამი პრეზიდენტობის კანდიდატი და მსურველია და მინიმუმ სამი პრემიერ-მინისტრობის. ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება, რომ ნდომებოდა, ის ორჯერ თავისი გაუფრთხილებლობით შეგნებულად თუ შეუგნებლად საქართველოს მოქალაქეობას არ დაკარგავდა“,-განაცხადა ბობოხიძემ.
შეკითხვის პასუხად, რომ თუ რეალურად, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არ აქვს ნაცხოვრები 10 წელი, კონსტიტუციის ცვლილება მისთვის ხომ აღარ გამოდის, აცხადებს: „გადავხედავთ მაშინ ამ ათ წელს, რა ვქათ აბა?!“-განაცხადა ბობოხიძემ.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირწმუნება, რომ ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ, ის და „მისი პატრონი“ შეხედავს, რომ ქართველები თეთრს და შავს კარგად არჩევენ.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სალაპარაკო არ მივცეთ არავის. ყველანაირად ვეცდებით ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რათა მასაც და მის პატრონებსაც დავუმტკიცოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა თეთრს და შავს კარგად არჩევს“,-განაცხადა ბობოხიძემ.