ვახტანგ ხმალაძე: საქართველოს პარლამენტის წევრი  უცხო ქვეყნის მოქალაქე დილემის წინაშე დადგება

ვახტანგ ხმალაძე: საქართველოს პარლამენტის წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე დილემის წინაშე დადგება


კონსტიტუციონალისტ ვახტან ხმალაძეს მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრი  უცხო ქვეყნის მოქალაქე დილემის წინაშე დადგება-რომელი ქვეყნის ინტერესები დაიცვას, რომლის მოქალაქეც არის თუ რომლის პარლამენტის წევრიც არის. 

„თვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი, არ არსებობს ის გამონაკლისი, რომ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლოს გახდეს სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრი და მით უფრო, დაიკავოს პრეზიდენტის ან პრემიერმინისტრის თანამდებობა. დაშვებულია ბევრ ქვეყანაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას მონაწილეობის უფლება მიეცეს სხვა ქვეყნის მოქლაქეს,მხოლოდ  ხმის მიცემის უფლება და არა უფლება იყოს არჩეული. ოღონდ სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც განსაზღვრულ ვადაზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე. ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში აძლევენ მონაწილეობის უფლებას, მაგრამ არა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში.

ამ კანონის მიღებისას, პირდაპირ ჩნდება ისეთი პრობლემა, როდესაც პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ანუ სამართლებრივი კავშირი აქვს სხვა ქვეყანასთან, რაც მას აძლევს ერთი მხრივ,  უფლებებს იმ ქვეყანაში და მეორე მხრივ ვალდებულებებს, ამ ქვეყნის მიმართ. როდესაც ასეთი პირი დგება ისეთი საკითხის გადაწყვეტის წინაშე, რომელიც ეხება იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლის მოქალაქეც არის და  საქართველოს ინტერესებსაც, რომლის პარლამენტის წევრიც იქნება, მას პირდაპირ გაუჩნდება დილემა, რომელი ქვეყნის ინტერესები დაიცავას-რომლის მოქალაქეც არის თუ რომლის პარლამენტის წევრიც არის. სავსებით შესაძლებელია, რომ მან უპირატესობა მისცეს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეც არის იგი. ასეთი წესის დაშვება თეორიულად ქმნის იმ საფრთხეს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ან თუნდაც ყველა, აღმოჩნდეს სხვა ქვეყნის მოქლაქეები და არც ერთი არ იყოს საქართველოს მოქალაქე“,-აღნიშნავს From.ge-სთან საუბარში ვახტანგ ხმალაძე.