ერთობა სამართლიანობისთვის“ ერთ ერთი ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებისათვის, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის უფლებას ითვალისწინებს სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, ეს ინიციატივა ვერასდროს მიიღებს დასრულებულ სახეს, რადგან იგი ძირშივე გაყალბებული და ფალსიფიცირებული იყო.
„თავად პროცედურა იმის შესახებ, რომ ჯერ ინიცირებული იქნა ერთი პროექტი, განხილული იქნა მეორე პროექტი, ხოლო კენჭი მესამე პროექტს ეყარა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის დანაშაულებრივი გზით წარმოებული საკანომდებლო პროცედურა. კანონის დარღვევით მიღებულ ამ პროცედურაში კი საკონსტიტუციო ნორმას საბოლოო ჯამში ვერ ექნება თავისი იურიდიული ძალა“ ,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, მაშინ, როცა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების „დემოკრატიული, ნაციონალური და კანონიერი გზა“ არსებობს, იგი უნდა გახდეს საზოგადოებრივი მსჯელობის მთავარი საგანი.
„პრეზიდენტისგან სწორედ საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება. რადგან ის კომპრომისები, რომელიც თითქოსდა პოლიტიკური პროცესების ჩიხიდან გამოყვანას ემსახურება, რათქმაუნდა ჩემი აზრით, ალბათ როგორც საზოგადოების წარმომადგენლების და თავად ბიძინა ივანიშვილისთის უნდა იყოს მიუღებელი“, - აცხადებს ლორთქიფანიძე და აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა საზოგადოების არნახული მხარდაჭერა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად უნდა გამოიყენოს.
პარლამენტში გუშინ ინიცირებული პროექტის მიხედვით, "2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ".